მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გეყოფათ ქართველი ხალხის დაშინება“ - დავით არახამია პრემიერის განცხადებას პასუხობს

640f236d1919b
ვიქტორია მღებრიშვილი
13.03.23 17:28
973
უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში უკრაინელი პოლიტიკოსების ჩართულობას შეეხებოდა, Telegram-ის პირად გვერდზე ეხმიანება.

დავით არახამია წერს, რომ საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნება, როდესაც ხელისფულებაში რუსეთის ამდენი აგენტია, საკვანძო ამოცანაა და პრემიერი ამას მხოლოდ მაშინ გაიგებს, როდესაც მისი პირადი გარემოცვის ანგარიშები გამოქვეყნდება. არახამია თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველების დაშინება უნდა შეწყვიტოს, რადგან უკრაინას საქართველოში ომის დაწყება არ სურს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნაწყენმა განაცხადა, რომ თითქოს უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს საშინაო საქმეებში ერევიან. მგონია, მთელ მსოფლიოს ესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნება, ხელისუფლებაში, რომელიც რუსეთის აგენტებით არის სავსე - საერთაშორისო საზოგადოების საკვანძო ამოცანაა.

ქართველ ერს, ათასობით ათას ადამიანს საქართველოში ეს ესმის, პრემიერ-მინისტრი კი ისე იქცევა, თითქოს არ ესმის. ვფიქრობ, ის ამას მაშინ გაიგებს, როდესაც მისი უახლოესი გარემოცვის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება. სამწუხაროა, რომ ამას საქართველოში არავინ გამოიძიებს, რადგან „ხელი ხელს ბანს“.

P.S. და გეყოფათ ქართველი ხალხის დაშინება, რომ უკრაინაში საქართველოში ომის დაწყების სურვილი აქვთ. ჩვენ, ისე როგორც სხვა არავის, გვესმის, რა არის ომი და იგივეს რუსეთის გარდა არავის ვუსურვებთ. უკრაინას ევროკავშირისკენ სიარული მოძმე ქართველებთან ერთად სურს და მტკივნეულია იმაზე დაკვირვება თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით“, - წერს „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს შიდა საქმეებში უკრაინელი პოლიტიკოსების ჩართულობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოტივირებულია, რომ საქართველოში „რაღაც მოხდეს“. ირაკლი ღარიბაშვილმა კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს და „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას და სხვა პოლიტიკოსებს ხელმოცარული „ლუზერები“ უწოდა და თქვა, რომ ისინი აქ - საქართველოში ცვლილებების საჭიროებასა და გადატრიალებაზე საუბრობენ, რაც პირდაპირი ჩარევაა.

„ახსენეთ ზელენსკის მიმართვა - ახლა ომში მყოფი ადამიანი როცა იცლის და აქ, საქართველოში რამდენიმე ათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, რომ აქაც რაღაც მოხდეს, შეიცვალოს.

თქვენ ახსენეთ უკრაინელი პოლიტიკოსები, აღარ მინდა გვარები ჩამოვთვალო. გამოვიდა კლიჩკო, გამოვიდნენ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, სხვებიც, უკრაინის პოლიტიკოსები, არახამია და ვიღაც ხელმოცარული „ლუზერები“, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა ცვლილება და სცენარები, გადატრიალება. პირდაპირი ჩარევაა. მე აღარ მინდა ახლა გავაგრძელო, ადამიანი ომშია. მინდა, ყველას ვუსურვო ამ ომის დროულად დამთავრება და სიმშვიდე, წარმატება და ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ჯერ მიხედეთ თქვენს თავს და თქვენს ქვეყანას მიხედეთ, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას,“- აღნიშნა პრემიერმა.