„მე არ მაქვს საექსპორტო ბაზრების მოძიებისა და მათზე გასვლის პრობლემა, მე ვითხოვ დამიდგეს სახელმწიფო გვერდში და დამეხმაროს წარმოების გაფართოებაში, იმისთვის, რომ ქართულ პროდუქტზე საზღვრებს მიღმა გაჩენილი მოთხოვნა დავაკმაყოფილო“, - ამის შესახებ bm.ge-ს ქართული ტყავის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია „ჰუმანოიდის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ ლუტიძემ განუცხადა.
მისი თქმით, 6 წლის წინ შემქმნილი ბრენდი „ჰუმანოიდი“ ადგილობრივ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და მასზე მოთხოვნა საზღვრებს მიღმაც განჩნდა, თუმცა არსებულ გამოწვევას წარმოების მოცულობის არარსებობის გამო ვერ პასუხობს.
„ჰუმანოიდის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ დღემდე არ უსარგებლია სახელმწიფოს საგრანტო პროგრამებით და თვლის, რომ კერძო სექტორი საკუთარი რესურსებით უნდა ვითარდებოდეს. თუმცა, მისი ბიზნესი დღეს დიდი გამოწვევების წანაშე დადგა, რაც საზღვარგარეთიდან ქართულ ტყავის ჩანთებსა და აქსესუარებზე დიდი მოთხოვნა წარმოადგენს.
„გასულ წელს „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსებით პირველად ვიყავით ჰონგ-კონგში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. თანადაფინანსება 80% იყო, ხოლო ჩვენ 22 000 ლარი გადავიხადეთ.
გამოფენაზე ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია ჩვენმა პროდუქციამ. დაბრუნებულები არ ვიყავით, შემოთავაზებები რომ დაგვხვდა სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ქუვეითიდან ექსკლუზივს ითხოვდა 2 კომპანია, გერმანია, კანადა და აშშ-ის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც კონკრეტული პროდუქტით იყო დაინტერესებული. ამასთან, საქართველოში ჩვენს მაღაზიაში სტუმრობის შემდეგ ავსტრიელებმა შემოგვთავაზეს ექსპორტი ევროპის 10 ქვეყანაში და წარმოგვიდგინეს კვლევა, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი, სად გაიყიდებოდა ჩვენი პროდუქცია. თუმცა ისეთ მოცულობებზე იყო საუბარი, რომ ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებდით მოთხოვნას.
ჰონგ-კონგში წასვლის წინ საუბარი იყო იმაზე, რომ „აწარმოე საქართველო“ 2019 წლის 1 აპრილიდან სესხების თანადაფინანსების პროგრამას აამოქმედებდა, რაც ადგილობრივ მეწარმეებს ექსპორტზე გასვლის შემთხვევაში წარმოების გაფართოებაში დაგვეხმარებოდა. შესაბამისად, ვცადე „აწარმოე საქართველოს“ პროგრამით მესარგებლა, თუმცა ბანკში მისულებს განგვიცხადეს, რომ უწყებასთან მსგავს პროგრამაზე შეთანხმება არ იყო დადებული“, - განუმარტა BM.GE-ს ნიკოლოზ ლუტიძემ.
მისივე თქმით, გუშინ „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ექსპორტიორი კომპანიებისთვის გაიმართა პრეზენტაცია, სადაც აღნიშნული პრობლემის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს დაუსვა კითხვები, თუ რატომ არ მოქმედებს მათი თანადაფინანსება სესხებზე, მაშინ როდესაც გასული წლის 1 აპრილიდანპირდებოდნენ ამის ამოქმედებას. ბიზნესმენი ამბობს, რომ ამაზე პასუხი ვერ დაუბრუნეს.
"შესაბამისად, შემიძლია განვაცხადო, რომ სააგენტოს მენეჯმენტი არ არის გამართული. მე არ მაქვს საექსპორტო ბაზრების მოძიებისა და მათზე გასვლის პრობლემა, მე ვითხოვ დამიდგეს სახელმწიფო გვერდში და დამეხმაროს წარმოების გაფართოებაში, იმისთვის რომ ქართულ პროდუქტზე, საზღვრებს მიღმა გაჩენილი მოთხოვნა დავაკმაყოფილო“, - აცხადებს „ჰუმანოიდის“ დამფუძნებელი.
ცნობისთვის, ტყავის აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია „ჰუმანოიდი“ ადგილობრივ ბაზარზე 6 წელია ოპერირებს. ნიკოლოზ ლუტიძის ინფორმაციით, წარმოება მინიმალური ინვესტიციით - 1000 ლარით დაიწყო. ნელ ნელა განვითარდა და ამ ეტაპისთვის 2 მაღაზია თბილისში (ორბელიანის მოედანსა და თაბუკაშვილის ქუჩაზე) და ერთი ობიექტი ქუთაისშია (პუშკინის ქუჩაზე). ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის განვითარება მოგების რეინვესტირებით ხდებოდა. "ჰუმანოიდის" წლიური ბრუნვა 2019 წელს 450 000 ლარი იყო. დამფუძნებლის განცხადებით, წლიდან წლამდე საწარმოს ბრუნვა 100%-ით იზრდება.