მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვრის ბოლოს ან თებერვალში თამბაქოს გაძვირების მორიგი ტალღაა მოსალოდნელი - იმპორტიორი

5e0f009e6b8e5
ინგა მურუსიძე
03.01.20 14:00
1821
თამბაქოზე ფასი, სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოდან ან თებერვლის დასაწყისიდან მოიმატებს, -  ამის შესახებ bm.ge-ის British American Tobacco (BAT)-ს კორპორატიულმა და იურიდიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პროგნოზი რთულია, თუმცა თამბაქოზე ფასები დამოკიდებულია სამ ფაქტორზე. ესენია - აქციზი, ინფლაცია და ეროვნული ვალუტის კურსი.

„ვფიქრობ, ფასების ზრდა გაგრძელდება. ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე - პირველი არის ის, რომ გაზრდილი აქციზი ჯერ არ არის ასახული ფასში, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ორი ფაქტორი, ინფლაცია და ლარის კურსის ცვალებადობა, რომელიც ასევე განაპირობებს ფასების ზრდას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველა იმპორტიორთან ფასი დაფიქსირებული გვაქვს მყარ ვალუტაში - დოლარსა და ევროში. შესაბამისად, ეს სამი ფაქტორი - აქციზი, კურსი და ინფლაცია იწვევს ფასების ზრდას. კონკრეტული თარიღის დასახელება, თუ როდის და რამდენით მოიმატებს ფასები, არავის შეუძლია, მაგრამ სავარაუდოდ ეს მოხდება იანვრის ბოლოს ან თებერვლის პირველ ნახევარში. რა თქმა უნდა,  ეს ზრდა იქნება თანდათანობითი და წლის განმავლობაში გაგრძელდება. დაახლოებით, 40 თეთრის ფარგლებში იქნება მატება, თუმცა არა - ერთიანად. ეს იქნება თანდათანობით, შეიძლება პირველ ეტაპზე ეს იყოს 20 თეთრი“, - განაცხადა სხვიტარიძემ.

რაც შეეხება მიმდინარე წელს სტაბილურობის მოლოდინს, სხვიტარიძე ამბობს, რომ გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, დიდი ოპტიმიზმის საფუძველი არ არის.

„სტაბილურობის იმედი ყოველთვის არის, თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე, გასული ორი-სამი წელი დიდი იმედის საშუალებას არ იძლევა. ინფლაცია იქნება, დაახლოებით, 6%-7% ჩვენი ვარაუდით და ლარის გაუფასურებას არ ველოდებით 15%-20%-ზე მეტს, თუმცა კურსის სიმყარე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორც მაკროზე, ასევე - მიკროზე. საბოლოო ჯამში, ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია“, - განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით, რაც 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (30.8 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.1 პროცენტი).