მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმა მთავრობას, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლოს - მიზეზი თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციაა

შემოსავლების სამსახური

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა თამბაქოს სადა შეფუთვის ამოქმედების თარიღის ნაწილობრივ გადავადებას მხარი დაუჭირა. თამბაქოზე სადა შეფუთვის მოთხოვნა 2024 წლის 31 ივლისს ამოქმედდება. ამ თარიღის შემდეგ თამბაქოს ნაწარმი უნიფიცირებული შეფუთვით უნდა გაიყიდოს ბაზარზე. ახალი კანონპროექტით დგინდება გარდამავალი პერიოდი, როდესაც ბაზარზე წარმოდგენილი იქნება როგორც სადა შეფუთვის, ასევე ძველი დიზაინის კოლოფები, ხოლო 2025 წლის პირველი აპრილიდან ბაზარზე მხოლოდ სადა შეფუთვის ნაწარმი იქნება წარმოდგენილი.

ექსპერტმა ზვიად სხვიტარიძემ "საქმის კურსში" სტუმრობისას განაცხადა, რომ გადავადება ბიზნესმა მოითხოვა, რადგან მათ მოსამზადებლად დრო სჭირდებოდათ.

"ის ფაქტორები, რომლებიც თან ახლდა უკრაინის ომს, მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი არის დარღვეული. შესაბამისად, იმისთვის, რომ გადაეწყონ სხვა ფორმატზე, მათ სჭირდებათ მესამე კომპანიების დაკონტრაქტება, რაც დროში შეუძლებელი იქნებოდა, აქედან გამომდინარე მოითხოვეს გადავადება", - აღნიშნა ზვიად სხვიტარიძემ.

ექსპერტის თქმით, სადა შეფუთვის რეგულაცია არაკონსტიტუციურია და ის თამბაქოს ნაწარმის არალეგალურ გაყიდვებს გაზრდის.

"ზოგადად, ეს რეგულაცია არაკონსტიტუციურია. თვალნათელი მაგალითია საფრანგეთი, სადაც დაახლოებით 2 წელია სადა შეფუთვა ძალაში შევიდა, იქ 37%-ია კონტრაბანდული ვაჭრობა. აბსოლუტურად ლეგალურ პროდუქტს არავინ ყიდულობს. ჩვენთანაც კონტრაბანდის გაზრდას ველით, ახლაც აქციზიდან და სხვა რეგულაციებიდან გამომდინარე, გაზრდილია არალეგალური ვაჭრობა", - განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა ბიზნესმა მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლოს, ზვიად სხვიტარიძემ აღნიშნა, რომ გამორიცხული არ არის.

"ბიზნესს კონკრეტული ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის დაყენების გამოცდილება აქვს. აქ მეწარმეობის განვითარებასა დ თავისუფლებაზეა საუბარი. ამაზე [საჩივარზე] მსჯელობა, რომ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ინდუსტრიაში, ამის შესახებ ინფორმირებული ვარ", - განაცხადა სხვიტარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები