საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში რეგულაციების ცვლილებას ითვალისწინებს. კომიტეტის წევრებმა განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.
„საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილების მიხედვით, საქპატენტს 2027 წლიდან ოთხი ახალი სერვისი დაემატება: ტექნიკის დონის ძიება, პატენტის მფლობელის ან/და განმცხადებლის მიხედვით ძიება, მოქმედების თავისუფლების ძიება და პატენტ-ანალოგების ძიება. ახალი მომსახურებები კომპანიებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს პატენტთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებისა და შესაძლო სამართლებრივი რისკების წინასწარ შეფასების შესაძლებლობას მისცემს. სერვისები სტანდარტული და დაჩქარებული პროცედურით იქნება ხელმისაწვდომი და განსხვავებული საფასური ექნება.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, ახალი სერვისები საძიებო მომსახურებას უკავშირდება. კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით კი, ცვლილება ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის პატენტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და პროცესების გამჭვირვალობის მიმართულებით. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სერვისებიდან მიღებული საფასური საქპატენტის საკუთარ შემოსავლებში მიიმართება, ხოლო შემოსავლების მოცულობა მომხმარებელთა მიმართვიანობაზე იქნება დამოკიდებული.
კომიტეტმა ასევე განიხილა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი. ცვლილებით, საერთო სპეციალიზაციის პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის უფლება ექნებათ იმ პირებსაც, რომლებსაც უმაღლესი განათლება ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის მიმართულებებით აქვთ მიღებული. მოქმედი რეგულაციით, შესაბამისი სფეროების წარმომადგენლებს საერთო სპეციალიზაციის გამოცდაზე დაშვების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. 2025 წელს გამოცდაზე ხუთი კანდიდატის განაცხადი იყო წარმოდგენილი, მოთხოვნა კი მხოლოდ ორმა დააკმაყოფილა. ცვლილების პროექტის მიხედვით, საკვალიფიკაციო სფეროების გაფართოება საერთაშორისო პრაქტიკასაც ითვალისწინებს.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე ასევე იმსჯელეს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე. მთავრობის საპარლამენტო მდივნის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებასა და გამარტივებას ითვალისწინებს. ოთხივე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია საქპატენტი, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
























