საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სახელმწიფო კონტროლი პრემიერ-მინისტრის ნაცვლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა. „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში შესაბამის ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, პალატის საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის სამინისტროს პროფილთან და ამასთან, სხვა ქვეყნებშიც მსგავსი პალატები პროფილურ სამინისტროებს ექვემდებარება.
„სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მარტივი შინაარსისაა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, დღესდღეობით სავაჭრო-სამრეწველო პალატის სახელმწიფო კონტროლს პრემიერ-მინისტრი ახორციელებს. კანონპროექტით შემოთავაზებულია სახელმწიფო კონტროლის უფლებამოსილების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გადაცემა.
თვითონ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მოგეხსენებათ, რომ არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომლის ძირითადი ფუნქციაა ქართული ბიზნესის ადვოკატირება საზღვარგარეთ და ამავდროულად შიდა საკითხების დარეგულირებაც, კერძოდ არსებული საარბიტრაჟო დავების გადაწყვეტა, წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა და მთლიანობაში მისი ფუნქციები უფრო მეტად დაკავშირებულია ეკონომიკის სამინისტროს, კონკრეტულად კი საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოლიტიკის განხორციელების ფუნქციასთან. აქედან გამომდინარე, საჯარო სტრუქტურის სისტემაში მნიშვნელოვანია და სწორია, რომ აღნიშნული სახელმწიფო კონტროლი ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელოს.
ამ გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკაც შევისწავლეთ. პროფილურ სამინისტროშია ყველა ქვეყანაში შესაბამისი ტიპის კორპორაციები გაერთიანებული და დაქვემდებარებული. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატა შედგება ისეთი რეგიონული კომპონენტებისგან, როგორიც არის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატები, რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები და მაგალითად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ექვემდებარება არა მთავრობის მეთაურის სახელმწიფო კონტროლს, არამედ აჭარის შესაბამისი, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს. აქედან გამომდინარე, ერთიანი მიდგომის უზრუნველსაყოფად, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია და გთხოვთ მხარდაჭერას", - თქვა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
კომიტეტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციამ მოამზადა. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ გაითვალისწინეს ევროპის სახელმწიფოების - გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის რესპუბლიკისა და ავსტრიის საუკეთესო პრაქტიკა. მასში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტის შემუშავებისა და მიღების აუცილებლობა განპირობებულია პალატის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობით.
კანონპროექტის ავტორები კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზს განმარტავენ.
"პალატა წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას. პალატის მიზანია მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით ხელი შეუწყოს ქვეყნის საგარეო ვაჭრობის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას და უზრუნველყოს კერძო სექტორის ინტერესების დაცვა და განვითარება. შესაბამისად, მიზანშეწონილია წარმოდგენილი ცვლილების განხილვა მოხდეს დაჩქარებული წესით, რათა, არ შეფერხდეს პალატის გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირება, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვისა და განვითარებისათვის", - ნათქვამია კანონპროექტში.
























