საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი მიიჩნევს, რომ მინისტრის მოადგილეების მიერ ქვეუწყებების ხელმძღვანელის ფუნქციის შეთავსებისას კონტროლის გამოწვევა არ დგას, რადგან მოადგილეების ზედამხედველობას მინისტრები ახორციელებენ. მან ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.
კომიტეტზე საპარლამენტო მდივანმა საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა, რომლის თანახმადაც, მინისტრის მოადგილეებმა შეიძლება შეთავსებით საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის და პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია შეასრულონ, რაშიც დამატებით ანაზღაურებას არ მიიღებენ.
"გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიგა ფარულავა დაინტერესდა, რატომ გახდა საჭირო ცვლილებების დაჩქარებულად მიღება და რამდენად სწორი შეიძლება იყოს მინისტრის მოადგილეების მიერ ქვეუწყებების ხელმძღვანელობა.
"საინტერესოა, რატომ გახდა საჭირო დაჩქარებული წესით ამ კონკრეტული ცვლილებების შეტანა, განსაკუთრებით იმ ნაწილს შევეხები, როდესაც მინისტრის მოადგილეს ექნება შესაძლებლობა, მის დაქვემდებარებაში არსებული კონკრეტული სსიპ-ის ან საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი იყოს. რამ განაპირობა ეს ცვლილება და მიგაჩნიათ თუ არა სწორად, რომ ხელმძღვანელობა შეითავსოს მინისტრის მოადგილემ, რომელიც უშუალოდ უნდა კურირებდეს, რამდენად ეფექტური იქნება ეს და მიგაჩნიათ მართებულად?",- იკითხა გიგა ფარულავამ.
რის საპასუხოდაც ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, რომ პროექტის დაჩქარებულად განხილვა პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ 21 ოქტომბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა.
"არსებული კანონმდებლობა, ანუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონი, კონკრეტულად მისი მე-13 მუხლი, რომელიც თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს არეგულირებს, არ გამორიცხავს მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან ამგვარი თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას. პრაქტიკაშიც გვაქვს ასეთი შემთხვევა, როდესაც, მაგალითად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახლავთ შემოსავლების სამსახურის უფროსი. ამავდროულად, თავისთავად ამ ცვლილების დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება არ არსებობდა, დაჩქარებული წესით საჭირო იყო პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან დაკავშირებული რეგულირების შემოღება, რომელი ინიციატივითაც ამ შემთხვევაში მოგმართეთ და შესაბამისად, ეს საკითხიც, ანუ პრაქტიკიდან გამომდინარე, ზუსტდება.
შეუთავსებლობის საკითხი ამ შემთხვევაში დარეგულირებულია იმგვარად, რომ მინისტრის პირველი მოადგილის ზედამხედველობას ახორციელებს, რა თქმა უნდა, მინისტრი. ხოლო თვითონ საჯარო სამსახურის სისტემა იმგვარად არის წარმოდგენილი და სამინისტროების სტრუქტურა, რომ მინისტრის მოადგილეების სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ არის კონკრეტული დეპარტამენტები, ანუ პირველადი სტრუქტურული ერთეულები, სამინისტროები ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები. რომ გვქონდა შემთხვევა, რომ მაგალითად, მინისტრისთვის მიგვენიჭებინა უფლება, რომ შეეთავსებინა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომლის სახელმწიფო კონტროლსაც სამინისტრო ახორციელებს, ეს შეკითხვა, რასაკვირველია, სწორი იქნებოდა, მაგრამ რადგან მინისტრის მოადგილეს ან მის პირველ მოადგილეს ზედამხედველი ჰყავს, ამიტომ ზედამხედველობის განხორციელების ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ ადგება", - თქვა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
























