მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგებით უერთდება რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის უწყებას - ბაჩიაშვილის განმარტება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანების საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვას უპასუხა - რა გააკეთა რეგიონული განვითარების სამინისტრომ დამოუკიდებლად არსებობის პერიოდში და რა შედეგებით ხდება სამინისტროების უკან შერწყმა.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, სამინისტროს მიერ 18 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი და ხელშესახები შედეგი მუნიციპალური შესყიდვების მკაცრი კონტროლისა და ტექნიკური ექსპერტიზის სისტემის შექმნაა, რამაც საბიუჯეტო თანხების არაეფექტური ხარჯვა აღკვეთა.

რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ისევ ერთ უწყებად გაერთიანდება. აღნიშნული სტრუქტურები წლების განმავლობაში ერთიან სამინისტროდ ფუნქციონირებდა და მთავრობამ მათი განცალკევების გადაწყვეტილება 18 თვის წინ, 2025 წლის 19 აპრილს მიიღო.

"ამ შემთხვევაში საუბარია, მაგალითად, რეგიონებში განსახორციელებელი 400 მილიონი ლარის პროექტების ფონდზე, წლევანდელი ბიუჯეტით, რომელიც ძალიან წარმატებით იმართება რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ. რეგიონული განვითარების სამინისტროს ფუნქციაში ამ უფლებამოსილების გადაცემამ შესაძლებლობა მოგვცა, შექმნილიყო სპეციალური სამსახური.

დღესდღეობით არსებული სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ მუნიციპალიტეტის მიერ გამოსაცხადებელი ნებისმიერი ტენდერი, რომელიც სამშენებლო სამუშაოს ეხება, ვერ გამოცხადდება ისე, თუ წინასწარ არ არის განხორციელებული ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით პროექტის ტექნიკური ექსპერტიზა, რომელსაც ამოწმებს რეგიონული განვითარების სამინისტრო და შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული ტენდერის გამოცხადების ან რეკომენდაციაზე თავის შეკავების თაობაზე", - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

მისივე შეფასებით, წელიწად-ნახევრის წინ სამინისტროების გაყოფამ თავისი როლი უკვე შეასრულა, რადგან სწორედ ცალკე უწყების არსებობამ გახადა შესაძლებელი ხარისხის კონტროლის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება.

"აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო დეკონცენტრაციას პოლიტიკის განხორციელების როგორც რეგიონული მიმართულებით, ისე ინფრასტრუქტურული პოლიტიკის მიმართულებით. ცალ-ცალკე სამინისტროების არსებობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ დანერგილიყო ხარისხის კონტროლის მექანიზმი როგორც რეგიონული, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს. ამაზე მეტყველებს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ამ დროს განხორციელდა და ის ტექნიკური ექსპერტიზები, რომელიც ყოველი კონკრეტული პროექტის განხორციელების დროს იმართება", - აღნიშნა საპარლამენტო მდივანმა.

ბაჩიაშვილმა ასევე ისაუბრა დეცენტრალიზაციის მიმართულებით გაწეულ სამუშაოზეც და აღნიშნა, რომ სამინისტროს აქტიური ჩართულობით გაგრძელდა მუნიციპალიტეტებისთვის ქონებრივი რესურსის შექმნა: "მრავალი წელია, რაც მუნიციპალიტეტებს მთავრობის მხრიდან გადაეცემა სახელმწიფო ქონება, რომელიც იქცევა მათ მუნიციპალურ საკუთრებად და მიღებულ საკუთრებას ისინი ჩვეულებრივ იყენებენ თავისი ეკონომიკური საქმიანობისთვის".

იმის ახსნისას, თუ რატომ გახდა საჭირო უწყებების კვლავ გაერთიანება, ბაჩიაშვილმა განმარტა, რომ დაგროვილი ცოდნა უკვე იძლევა მართვის ერთიანი სისტემის ქვეშ მოქცევის შესაძლებლობას.

"აღნიშნული მიღებული ცოდნის დღესდღეობით უკვე აგრეგირება შესაძლებლობას იძლევა, რომ ერთი სამინისტროს მართვის პირობებში განხორციელდეს როგორც რეგიონული, ისე ინფრასტრუქტურული პოლიტიკის მართვა, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, რეგიონული პროექტების განხორციელება მატერიალიზდება უპირატესად ინფრასტრუქტურულ პროექტებში", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, აღნიშნულ ცვლილებებთან ერთად, ასევე უქმდება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები