პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს. ცვლილების თანახმად, რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ უწყებად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ყალიბდება.
ამასთან, უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
ახლადშექმნილი უწყება ორივე სამინისტროს უფლებამონაცვლე გახდება, თუმცა არის გამონაკლისიც: სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაციისა და ხელშეწყობის ფუნქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა.
სამინისტროების გაერთიანების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციასა და ფუნქციებს შეაფასებს:
- ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები: კანონის ამოქმედებამდე დასაქმებული მოხელეები უკონკურსოდ გადაიყვანებიან იმავე თანამდებობებზე ახალ სამინისტროში.
- რეგიონული განვითარების სამინისტროს თანამშრომლები: წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უკონკურსოდ გადავლენ იმავე, ტოლფას ან უფრო დაბალ პოზიციაზე.
- კომისიის შეფასება და შემცირებები: ვინაიდან ორივე უწყებას დამხმარე სტრუქტურული ერთეულები დუბლირებული ჰქონდა, კომისია გადაწყვეტს, ვინ გააგრძელებს მუშაობას.
- კომპენსაციები: იმ მოხელეებს, რომლებსაც ახალ უწყებაში გადაყვანაზე უარი ეთქმებათ, კანონით დადგენილი კომპენსაცია მიეცემათ.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, პოლიტიკის განხორციელების ნაწილში დასაქმებული კადრები ძირითადად ახალ სამინისტროში გადავლენ, ხოლო განსხვავებული მიდგომა იქნება დამხმარე ფუნქციების განმახორციელებელ პერსონალთან დაკავშირებით.























