პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებაზე კანონპროექტს პარლამენტი შემდეგ სასესიო კვირას მიიღებს. მან ამის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისივე თქმით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რადგან ეს მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოაზრებული, მდინარაძე კი პოლიტიკიდან წავიდა.
"რაც შეეხება გაერთიანებას, თავად კანონპროექტი, რომელიც შემოტანილი იყო, არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მხოლოდ ცვლილებებით მოგვერგო ამ ახალ ინიციატივისთვის, ვინაიდან პაკეტში დამატებით კანონპროექტები არის დასამატებელი, ამიტომ მთავრობამ გაიწვია და ხელახლა შემოიტანს უკვე სრულ პაკეტს, სადაც ყველა გამომდინარე კანონპროექტი იქნება ასახული. ტექნიკური საკითხი იყო, ამიტომ შემდეგ სასესიო კვირას მივიღებთ ამ პროექტს და დაგეგმილი არის რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება.
რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, რა თქმა უნდა, მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოაზრებული, რომ შექმნილიყო ეს პოზიცია იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრს ჰყოლოდა ვიცე-პრემიერი, რომელიც კოორდინირებას გაუწევდა ამ საკითხს და იქნებოდა ისეთი პოლიტიკური წონის მქონე ადამიანი, რომელიც ასეთ კომპლექსურ საკითხს, მუნიციპალიტეტების, რეგიონების კოორდინაციას გაუძღვებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ, სამწუხაროდ, მამუკა მდინარაძემ მიიღო პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება, ამიტომ ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან და მთავრობა, სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის მეშვეობით, იქნება თავად ამ საკითხების განმახორციელებელიც და კოორდინატორიც", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.




























