შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილის თანამდებობიდან წასვლის პროცესი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის სრული დაცვით განხორციელდა, თუმცა დეტალებზე საუბარი უჭირს.
"ყველა პროცედურის დაცვით იყო [თანამდებობიდან წასვლა] და ადამიანი არ არის. რა პროცედურაც საჭირო იყო, ყველა პროცედურა გავლილია. არ მინდა რამე გამომრჩეს, მაგრამ ყველა პროცედურა გავლილი იქნებოდა, რაც იქნებოდა კანონით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
tv პირველის დამაზუსტებელ კითხვაზე, მიიღო და წაიკითხა თუ არა წერილი, პაპუაშვილმა უპასუხა: "ახლა ზუსტად ვერ გიპასუხებთ, რადგან ბევრი პროცედურული საკითხია პარლამენტში. ამიტომ ახლა ვერ გიპასუხებთ, ზუსტად რა პროცედურა იყო".
საქმე ის არის, რომ ეროვნული ბანკის კანონით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომამდე არა უგვიანეს 2 თვისა. ასევე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება განცხადებაში მითითებული თარიღიდან.
კითხვაზე, არის თუ არა ყეინიშვილის ადგილმონაცვლის შესახებ კონსულტაცია მიხეილ ყაველაშვილთან პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვაზე პასუხი არ გაუცია და სალომე ზურაბიშვილის დროს კადრების წარდგენის პრაქტიკა გაიხსენა.
"როდესაც წარმოდგენილი იქნება, რა თქმა უნდა... [] სწორედ ეს იყო საფუძველი, როცა სალომე ზურაბიშვილის წარდგენილ კადრებს არ ვამტკიცებდით, არ გადიოდა კონსულტაციას პარლამენტთან, როცა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ამის ღირსადაც არ თვლიდა ქართველი ხალხის წარმომადგენლებს"
ჟურნალისტი: ყაველაშვილს აქვს კონსულტაცია?
"ყველანაირი პროცედურის დაცვით იქნება ყველაფერი. თავისთავად ჩვენ გვაქვს ზოგადად სამუშაო ურთიერთობები პარლამენტთან და პრეზიდენტთან. ჯერ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია მე პირადად არ მქონია" - თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ნანა ყეინიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 17 ოქტომბერს „ფეისბუქზე“ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ნაბიჯი სახელმწიფოს ინტერესებისა და სებ-ის რეპუტაციის დასაცავად გადადგა, თუმცა კატეგორიულად უარყო მის მიმართ გავრცელებული ბრალდებები პირადი სამეწარმეო ინტერესებისა თუ გავლენების გამოყენების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პროკურატურის მიერ 9 ოქტომბერს დაწყებული გამოძიება სამეწარმეო საქმიანობაში ყეინიშვილის შესაძლო უკანონო მონაწილეობაზე კერძოდ, შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელების მიერ წარდგენილ აუდიოჩანაწერებსა და განცხადებებზე დაყრდნობით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ყეინიშვილი ოჯახის წევრებისა და აფილირებული პირების მეშვეობით აკონტროლებდა სებ-ის რეგულირებად საწარმოებს და ცდილობდა აღნიშნული კრიპტოკომპანიის წილის მოპოვებას. იმავე დღეს „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა ორთვიანი ჟურნალისტური გამოძიება ყეინიშვილის მხრიდან კომპანიაზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხელისუფლებამ და სებ-მა შესაძლო დარღვევებზე რამდენიმე თვის განმავლობაში იცოდნენ, თუმცა მედიის მიერ 6 ოქტომბერს ეროვნულ ბანკსა და სუს-ში გაგზავნილ მიმართვაზე უწყებებს პასუხი არ დაუბრუნებიათ.
























