სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მესამე მონაკვეთზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია საგარანტიო ვალდებულების ფარგლებში, საკუთარი ხარჯით შეასრულებს.
„ყველა საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელზეც საგარანტიო პერიოდი მოქმედებს, მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. გამოვლენილ ხარვეზებზე ჩვენი რეაგირება იქნება მკაცრი - კონტრაქტორი ვალდებულია, საგარანტიო პერიოდში ყველა ასეთი ხარვეზი საკუთარი ხარჯით გამოასწოროს. ზუსტად ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე სამტრედია–გრიგოლეთის გზაზეც“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ხარვეზები სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე, ანუ მესამე ლოტზე, ხიდებთან მისასვლელებზეა გამოვლენილი. მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე კონტროლი გაგრძელდება და საგარანტიო პერიოდში გამოვლენილ სხვა ხარვეზებზეც კონტრაქტორებს შესაბამისი მოთხოვნები წარედგინებათ.
„საგარანტიო პერიოდის არსიც სწორედ ის არის, რომ ამ პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების ვალდებულება კონტრაქტორს ეკისრება და ამისთვის სახელმწიფო დამატებით თანხას არ იხდის. ასეთი მიდგომა გვექნება ყველა გზასა და ყველა ინფრასტრუქტურულ ობიექტთან მიმართებით“, - აღნიშნა მინისტრმა.
აღდგენითი სამუშაოების გამო, მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით 22-25 სექტემბრის ჩათვლით დროებით შეიზღუდება. სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ლესას სატრანსპორტო კვანძიდან სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის გზაზე გადაერთვება და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსას გზის გავლით გააგრძელებს მოძრაობას. იგივე მარშრუტი იმოქმედებს საპირისპირო მიმართულებითაც.
სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის სრულად 2026 წლის 18 ივლისს გაიხსნა. გზის მშენებლობაზე Hunan Road & Bridge Construction Group-ი 2022-2026 წლებში მუშაობდა, პროექტის ღირებულებამ კი 324.6 მილიონი ლარი შეადგინა. ხელშეკრულების გაფორმებისას სამუშაოების დასრულების ვადად ორი წელი იყო განსაზღვრული. შედეგად, 8-კილომეტრიანი მონაკვეთი 2025 წლის დეკემბერში გაიხსნა, ხოლო მესამე ლოტის მშენებლობა საბოლოოდ 2026 წლის ივლისში დასრულდა.
ამასთან, პრეზენტაციაზე მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ გზის გახსნა მოხდება უფრო ადრეც, თუმცა უწყებამ დეფექტებით შესრულებული სამუშაოები აღმოაჩინა, რის გამოც კონტრაქტორს მათი გამოსწორება დაევალა, რის გამოც სამუშაოები მხოლოდ ივლისში დასრულდა. თუმცა, როგორც ირკვევა, სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთზე ხარვეზები კიდევ არსებობს, რის გამოც გზა რამდენიმე დღით დაიხურა.
























