„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ (ICCA) აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გიორგობიანი ინფრასტრუქტურულ სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო და სისტემურ ცვლილებებს დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ბიზნესის გასაძლიერებლად მხოლოდ არსებული სიახლეები საკმარისი არ არის.
მთავრობის ადმინისტრაციასა და ICCA-ს ორგანიზებით გამართული კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატის ფორუმზე, სადაც ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მსჯელობის მთავარი თემა კი მიმდინარე რეფორმები იყო, ICCA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ისაუბრა.
ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით გადადგმული ნაბიჯები - მათ შორის ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტოს შექმნა, ჩარჩო ხელშეკრულებების დანერგვა და ფასთა ინდექსაციის ახალი ჩარჩო - სექტორის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი სიახლე ტენდერებში მონაწილეობისას კომპანიების გამოცდილების დაჯამების (კონსორციუმის/ერთობლივი საწარმოს) უფლებაა.
აქამდე, მსხვილ საჯარო თუ საერთაშორისო ტენდერებში, სადაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროექტის სავარაუდო ღირებულებიდან გამომდინარეობს, საშუალო და მცირე ქართულ კომპანიებს მონაწილეობა უჭირდათ, რადგან მათ ინდივიდუალურად არ გააჩნდათ საკმარისი მასშტაბის გამოცდილება (მაგალითად, ერთდროულად გზისა და ხიდის მშენებლობის).
„პირობითად, გზა არის ასაშენებელი და გვჭირდება გზის საფარის გამოცდილება, მათ შორის ხიდის გამოცდილებაც. შეიძლება, ერთ კომპანიას ჰქონდეს გზა აშენებული, მეორეს - ხიდი და ორივე კომპანია საკუთარი გამოცდილებით ერთიანდება... ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება საშუალო და მცირე კომპანიებს იმისათვის, რომ ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა,“ - განმარტავს გიორგობიანი.
თუმცა დარგობრივი ასოციაციის ხელმძღვანელი ამ ცვლილებას სიფრთხილით უყურებს. მისი თქმით, ნორმის არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადგილობრივი კომპანიები ბაზარზე პოზიციებს მყისიერად გამყარებენ, რადგან ერთობლივი საწარმოების (Joint Venture) ეფექტიან ოპერირებასა და ბიდინგს სერიოზული საკონტრაქტო და პარტნიორული გამოცდილება სჭირდება.
"სახელმწიფომ შეუქმნა საშუალება საშუალო და კერძო კომპანიებს, რომ თავიანთი გამოცდილება დააჯამონ... მეორე მხრივ, სახელმწიფოსთვის ამან უნდა გაზარდოს კონკურენცია. ახლა პრაქტიკა დაგვანახვებს, რამდენად შეძლებენ კომპანიები ამ ერთობლივი საწარმოების ფორმირებას”, - აღნიშნა მან.
ICCA-ს აღმასრულებელი დირექტორის აზრით, მხოლოდ გამოცდილების დაჯამების უფლება ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი კომპანიების თანაბარ კონკურენციას მსხვილ უცხოურ, კერძოდ კი, ჩინურ კომპანიებთან, რომლებსაც დიდი რესურსი და გამოცდილება აქვთ.
ინფრასტრუქტურის მშენებელი ადგილობრივი ბიზნესი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მექანიზმები და პირდაპირი უპირატესობა მიანიჭოს ადგილობრივ სამშენებლო სექტორს.
ძირითადი მექანიზმები, რის დანერგვასაც ადგილობრივი ბიზნესი ითხოვს და კერძო სექტორის პოზიცია ირაკლი გიორგობიანმა გააჟღერა, ასეთია:
- ფასის უპირატესობა (Preference Margin) ანუ ადგილობრივი მომწოდებლებისთვის სატენდერო ფასში გარკვეული შეღავათის მინიჭება.
„სახელმწიფოს შეუძლია უპირატესობა მისცეს ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებს… თურქეთში, მაგალითად, არის 15%-იანი ფასის უპირატესობა... როგორც ჩინეთში კონტრაქტს ვერ მოიგებს ვერცერთი უცხოური კომპანია, ისეა თურქეთში. მით უმეტეს, მცირე ეკონომიკის პირობებში, ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების გაძლიერება”, - აღნიშნავს ირაკლი გიორგობიანი. - ლოკალური კომპონენტი და ცოდნის გადაცემა ანუ შესყიდვების შეფასებისას მხოლოდ დაბალ ფასზე ორიენტირების შეცვლა. ირაკლი გიორგობიანის თქმითვე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც კი იცვლიან მიდგომებს. მაგალითად, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დანერგა MEECE პრინციპი, სადაც შეფასებისას უდიდესი ყურადღება ეთმობა ადგილობრივ ეფექტს - რამდენი ადგილობრივი კადრი დასაქმდება (მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე) და რა ცოდნა გადაეცემა ადგილობრივ ბაზარს.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ რომ მიმდინარე სიღრმისეული რეფორმების საბოლოო წარმატება სწორედ ადგილობრივი კერძო სექტორის მდგომარეობით უნდა შეფასდეს.
“რეფორმის წარმატება უნდა შევაფასოთ კერძო სექტორის პერსპექტივიდან, რომ მივიღებთ ძლიერ, კაპიტალიზებულ სამშენებლო კომპანიებს და ეს სექტორი გახდება ბანკებისთვის მიმზიდველი, დაკრედიტებადი და ინვესტორისთვის მიმზიდველი,“ - აცხადებს ირაკლი გიორგობიანი.
კერძო სექტორში იმედოვნებენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას და ტენდერების პირობებში ადგილობრივი კომპონენტის გაძლიერების მექანიზმებს პრაქტიკულად ასახავს. დიალოგი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის გრძელდება.




























