მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიუღებელია როგორც ხელოვნურად გაზრდილი, ისე არარეალურად დაბალი ფასი" - მინისტრი ტენდერებში კომპანიების ფასებზე

რევაზ სოხაძე

„მიუღებელია როგორც ხელოვნურად გაზრდილი, ისე არარეალურად დაბალი ფასი“ - ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო სექტორის ხარჯთაღმრიცხველებთან შეხვედრისას განაცხადა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებისას ხარჯთაღრიცხვის ხარისხთან დაკავშირებული საკითხები, სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები განიხილეს.

უწყების ცნობით, რევაზ სოხაძემ ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორად მომზადებული ხარჯთაღრიცხვა პროექტის რეალისტური ღირებულების განსაზღვრისა და სახელმწიფო რესურსების ეფექტიანად გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობაა. მინისტრის განცხადებით, სამინისტროს პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც პროექტის გადამოწმების შემდეგ მისი ღირებულება მნიშვნელოვნად იცვლება.

„სახელმწიფოს პოზიცია მკაფიოა - მზად ვართ, ხარისხიან პროდუქტში გადავიხადოთ რეალური, საბაზრო ღირებულება, თუმცა შესაბამის ფასად აუცილებლად უნდა მივიღოთ შესაბამისი ხარისხი. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროექტების სწორად და კვალიფიციურად მომზადებას, მათ შორის ხარჯთაღრიცხვის ხარისხს. გვაქვს შემთხვევები, როდესაც პროექტის გადამოწმების შედეგად მისი ღირებულება მნიშვნელოვნად იცვლება. მიუღებელია როგორც ხელოვნურად გაზრდილი, ისე არარეალურად შემცირებული ფასი. ჩვენი მიზანია, ხარჯთაღრიცხვა ეფუძნებოდეს მოქმედ ნორმებს, რეალურ საბაზრო ფასებსა და პროფესიულ, ობიექტურ შეფასებას“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ხარჯთაღრიცხვის მომზადების პრაქტიკაზე, პროფესიულ კვალიფიკაციაზე, ერთიანი მიდგომებისა და მეთოდოლოგიის განვითარებასა და სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების საკითხებზე.

უწყების ცნობით, ხარჯთაღმრიცხველებმა მინისტრს პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და სახელმწიფო სამშენებლო პროექტებში ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაძლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებები გაუზიარეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, უწყება სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით გააგრძელებს მუშაობას სამშენებლო პროექტების მომზადების ხარისხისა და ხარჯთაღრიცხვის პრაქტიკის გაუმჯობესების მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები