ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში ფასთა ინდექსაციის წესში შეტანილ ცვლილებებს დადებითად აფასებენ.
როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი BMG‑სთან აცხადებს, მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ ინდექსაციის დროებითი წესი მუნიციპალური განვითარების ფონდის და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორებზეც გავრცელდა. ამასთან, როგორც ასოციაციაში ამბობენ, ფასების საბაზისო პერიოდად 2026 წლის იანვრის განისაზღვრა სწორი გადაწყვეტილება იყო.
ირაკლი გიორგობიანის თქმით, ეს გარემოება კომპანიებისთვის ინდექსაციით მისაღებ თანხებზე დადებით ეფექტს მოახდენს.
“პირველ რიგში, გაფართოვდა არეალი, ვინც ინდექსაციით სარგებლობას შეძლებს. აქამდე თუ იყო მხოლოდ საგზაო კომპანიები, ახლა მუნიციპალური განვითარების ფონდის და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორებზეც გავრცელდა დროებითი რეჟიმის ინდექსაცია. ასევე შეიცვალა ინდექსაციის ბაზა, რომელიც აქამდე იყო 2025 წლის დეკემბერი და გახდა 2026 წლის იანვარი. ეს თავის მხრივ, მოახდენს მნიშვნელოვან დადებით ეფექტს ინდექსაციით მისაღებ თანხებზე და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად აკეთებს იმას, რომ ნავთობპროდუქტებზე გაზრდილი ფასების კომპენსირება მოახდინოს სამშენებლო კომპანიებისთვის.
ჩვენ სტატისტიკამ და ფაქტობრივად ისტორიულმა მონაცემმა გვაჩვენა, რომ დეკემბრის თვის ინდექსი ყოველთვის ყველაზე მაღალია. აქედან გამომდინარე ტექნიკური ხარვეზი იყო აქამდე. თუ ავიღებდით 2025 წლის მშენებლობის ღირებულების ინდექსს, ის მაშინ ყველაზე მაღალი იყო. 2025 წლის დეკემბრის ინდექსს გაუტოლდა 2026 წლის ივნისში და ფაქტობრივად მთელი ეს პერიოდი უარყოფით ბალანსს ქმნიდა სამშენებლო კომპანიებისთვის. შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა იყო რომ ათვლა მომხდარიყო არა 2025 წლის დეკემბრიდან, არამედ 2026 წლის იანვრიდან, რომელიც მიმდინარე წელს ყველაზე დაბალი იყო, ეს მნიშვნელოვან ეფექტს მოახდენს ინდექსაციით საკომპენსაციო თანხაზე კომპანიების სასარგებლოდ”, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში აღნიშნავენ იმასაც, რომ ფასთა ინდექსაციის წესთან დაკავშირებით კვლავ რჩება შემდგომში განსახილველი საკითხები, მათ შორის ის გარემოება, რომ ინდექსაცია კონტრაქტის ღირებულების მხოლოდ 60%-ს ეხება.
“ამ საკითხზე ჩვენ ბევრი არგუმენტაცია გვქონდა, ვფიქრობდით, რომ მზად ვიყავით პირობითად 70%-ზეც მომხდარიყო პოზიციების შეჯერება. თუმცა ამ ეტაპზე იქითა მხარესაც, სახელმწიფოსაც აქვს თავისი არგუმენტაცია. ვნახოთ, რამხელა ეფექტს მოგვცემს ეს ცვლილებები, რამდენად სრულყოფილი იქნება ინდექსაცია და რამდენად სრულად მოახდენს ღირებულების ზრდის კომპენსაციას. ვფიქრობ, ამის შემდეგ მივუბრუნდებით ამ საკითხს”, - აღნიშნა ირაკლი გიორგობიანმა.
ცნობისთვის, მთავრობამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასთა ინდექსაციის წესი კიდევ ერთხელ შეცვალა. ახალი განკარგულებით ინდექსაციის მოქმედების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დროებითი წესი გარდა საგზაო პროექტებისა, სხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოებზეც გავრცელდება. სიახლეა ისიც, რომ ფასის საბაზისო პერიოდად 2026 წლის იანვარი განისაზღვრა, ნაცვლად აქამდე არსებული 2025 წლის დეკემბერისა.
ამასთან, კომპანიებმა შემსყიდველ ორგანიზაციებს ინდექსაციის დროებითი წესის გავრცელების მოთხოვნით 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა მიმართონ.























