ინფრასტრუქტურული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ ფასთა ინდექსაციის წესში შეტანილ ცვლილებებში სექტორის არცერთი ძირითადი შენიშვნა გათვალისწინებული არაა.
როგორც კომპანია ”დიკა 2010”-ის ხელმძღვანელმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, დარგის ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა იმას ეხებოდა, რომ ინდექსაციის წესი პროექტის ხარჯების მხოლოდ 60%-ს ეხებოდა და არ მოიცავდა ხელფასების კომპონენტს.
ნათია ხვედელიძის განცხადებით, ამ მიმართულებით ცვლილებები შესაბამის დადგენილებაში არ შესულა. მისივე თქმით, კვლავ პრობლემურად რჩება ინდექსაციის წესის გამოყენების ვადებიც.
როგორც ინფრასტრუქტურის დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, ფასთა ინდექსაციის წესის ბაზარზე რეალობის შესაბამისად მოდიფიცირება მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიებისთვის მთავარ გამოწვევას გაძვირებული საწვავი და სამშენებლო სამუშაოები წარმოადგენს.
“დადგენილებაში ის შენიშვნები გათვალისწინებული არ არის, რაც დარგს აწუხებს და რაც ძირითადი მიმართულებებია. მაგალითად, ცვლილებაში არ არის გათვალისწინებული 60%-იანი ზღვარი [პროექტის ხარჯების], რასაც ანაზღაურებს სახელმწიფო, აქ საუბარი იყო 80-დან 100%-მდე გაზრდაზე. ასევე არ არის გათვალისწინებული სახელფასო განაკვეთებზე ინდექსაცია — სახელფასო განაკვეთებს საერთოდ არ შეეხება ინდექსაცია.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეულია ჩვენთვის, ეს არის ჩანაწერი, სადაც ვკითხულობთ, რომ 2027 წლის 1 იანვრიდან დაკონტრაქტებულ პროექტებს შეეხება ინდექსაცია 2028 წლის 1 იანვრიდან. ანუ კომპანიას, რომელიც დააკონტრაქტებს გარკვეულ პროექტს 2027 წლის 1 იანვრის შემდგომ, მოუწევს 12 თვე მოცდა და 2028 წლის 1 იანვრისთვის ექნება შესაძლებლობა მიმართოს უკვე სახელმწიფოს და მოითხოვოს სხვაობის ანაზღაურება.
დღესდღეობით უკვე მდგომარეობა გვაქვს შემდეგი, რომ საწვავის ფასმა მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს. საწვავის ფასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველა სხვა მასალის მოწოდება, წარმოება თუნდაც საქართველოში და ასევე საზღვარგარეთიდან მოწოდება. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ბევრი მასალა არ იწარმოება და რაც იწარმოება — მაგალითად, ინერტული მასალები, ბეტონი და ა.შ. უკვე საგრძნობლად გაძვირდა და მოიმატა ფასმა. რეალურად დღეს დავდექით იმის წინაშე, რომ [პროექტის] თვითღირებულება სცდება ხარჯთაღრიცხვაში არსებულ მასალების ღირებულებას”, - განაცხადა ნათია ხვედელიძემ.
























