ინფრასტრუქტურის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საწვავის და სამშენებლო მასალების გაძვირება პროექტების დროულად განხორციელებას საფრთხეს უქმნის.
როგორც კომპანია “დიკა 2010”-ის ხელმძღვანელმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ინფრასტრუქტურულ პროექტებში არსებული ხარჯთაღრიცხვა უკვე მასალების თვითღირებულებასაც ვეღარ ფარავს.
მისი თქმით, გამოწვევების წინაშე არამხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებელი, არამედ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემსრულებელი კომპანიებიც არიან.
ნათია ხვედელიძე ამბობს, რომ თუკი სახელმწიფოს დარგში არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირება არ ექნება, ბევრ კომპანიას პროექტების დროულად შესრულება გაუჭირდება.
“დღესდღეობით უკვე შემდეგი მდგომარეობა გვაქვს, რომ საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. საწვავის ფასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველა სხვა მასალის მოწოდება, წარმოება თუნდაც საქართველოში და ასევე საზღვარგარეთიდან მოწოდება. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ბევრი მასალა არ იწარმოება და რაც იწარმოება - მაგალითად, ინერტული მასალები, ბეტონი და ა.შ. უკვე საგრძნობლად გაძვირდა და მოიმატა ფასმა. რეალურად დღეს დავდექით იმის წინაშე, რომ [პროექტის] თვითღირებულება სცდება ხარჯთაღრიცხვაში არსებულ მასალების ღირებულებას.
აღნიშნულს ბევრი კომპანია სავარაუდოდ, ვერ გაუძლებს და ეს მყისიერად აისახება პროექტების მიმდინარეობის პროცესზე, აისახება პროექტების დასრულების ვადებზე, ვადებთან მიმართებით უკვე პრობლემა შეიქმნება. რეალურად დღესდღეობით თუნდაც მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოცხადებული აქვს და მიმდინარე აქვს არაერთი პროექტი, რომელიც 12 თვეზეა გათვლილი, რომლის ღირებულებაც ₾20-70 მილიონის ღირებულებისაა და ფაქტობრივად უკვე ასეთი მიმწოდებლები, ვინც უკვე ამ ურთიერთობაშია შესული, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და უკვე ეს ყველაფერი ნელ-ნელა კრებს თავის ტემპს.
მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის კომპანიებს აღარ აქვთ პრობლემა. პრობლემა აქვს უკვე როგორც მელიორაციის კომპანიებს, უკვე პრობლემა გვაქვს კომპანიებს, რომლებიც სამოქალაქო მშენებლობის ნაწილში ვახორციელებთ სამუშაოებს. შესაბამისად, თუ სახელმწიფომ დროულად არ მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, უბრალოდ შეუძლებელი გახდება შემდგომი სამუშაოების ნორმალურად გაგრძელება.
გვაქვს მოლოდინი, რომ აუცილებლად დაიგეგმება შეხვედრები, [ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან] აუცილებლად ჩაინიშნება დიალოგი მხარეებს შორის. როდესაც ეს ყველაფერი ხელისგულზე იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ორივე მხარისთვის ერთდროულად იქნება მისაღები”, - განაცხადა ნათია ხვედელიძემ.
























