ინფრასტრუქტურულ კომპანიებში მოლოდინი აქვთ, რომ სახელმწიფო ტენდერებში შემოღებული ინდექსაციის მოდელი გარკვეული მიმართულებებით გადაიხედება.
როგორც კომპანია “დიკა 2010”-ის დირექტორმა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, სექტორის წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მექანიზმის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უკვე წარუდგინეს და მოლოდინი აქვთ, რომ ეს მოდელი უფრო მეტად დაიხვეწება.
სექტორის ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა იმას უკავშირდება, რომ ინდექსაცია ხარჯების მხოლოდ 60%-ს ეხება.
“ინდექსაციის მოდელთან დაკავშირებით [ინფრასტრუქტურის მშენებელთა] ასოციაციას და მთავრობას უკვე აქტიური დიალოგი ჰქონდათ და მიმდინარეობს აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით მუშაობა და ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება. ჩვენი შენიშვნები, რა თქმა უნდა, წარვუდგინეთ და ვაცნობეთ [სამინისტროს]. წინაპირობა არის იმისი, რომ ინდექსაციის გარკვეული პუნქტები შეიცვლება, გადაიხედება და ჩვენთვის უკეთესი პირობებით იქნება მიღებული აღნიშნული განკარგულება.
ძირითადად პროცენტულ მაჩვენებელთან დაკავშირებით გვქონდა შენიშვნები, ასევე ვადებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ინდექსაცია 2027 წლიდან გაფორმებულ ტენდერებს შეეხება და ამოქმედდება უკვე 2028 წლის იანვრიდან. ჩვენი თხოვნა იყო, რომ 2026 წელს გამოცხადებულ ტენდერებს და შემდეგ გაფორმებულ, დაკონტრაქტებულ პროექტებსაც შეხებოდა ეს მოდელი. იქ არის კიდევ რამდენიმე პუნქტი, რომელიც ვფიქრობთ, რომ გადასახედია”, - განაცხადა ნათია ხვედელიძემ.
ცნობისთვის, მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში ფასების ინდექსაციის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. ახალი წესით, ფასების ინდექსაცია ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ავტომატურად არ გავრცელდება. მექანიზმი შეეხება მხოლოდ იმ სახელმწიფო კონტრაქტებს, რომელთა შესრულების ვადა 12 თვეზე მეტია. ამასთან, ინდექსაციის გამოყენება მხოლოდ სამუშაოების დაწყებიდან პირველი 12 თვის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.




























