ინფრასტრუქტურული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი კომპანიებისთვის საფასო უპირატესობის მინიჭება ბიზნესს განვითარების მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს.
როგორც კომპანია “დიკა 2010”-ს დირექტორმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მათთვის ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა მექანიზმზე მუშაობს მთავრობა.
ნათია ხვედელიძის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივ კომპანიებს ტენდერებში 10-15%-იანი უპირატესობა ენიჭებათ.
“კომპანიებისთვის ცნობილია ჯერჯერობით მხოლოდ ის, რომ საფასო უპირატესობა იქნება მინიჭებული კანონპროექტის საფუძველზე, თუმცა დეტალები, ეს რა სახით და როგორ განხორციელდება, ჩვენთვის ცნობილი არ არის. როგორც ვვარაუდობთ, კანონპროექტის დამუშავების პროცესში მშენებელთა ასოციაცია აუცილებლად იქნება ჩართული და დეტალები, კანონპროექტი რა სახით იქნება შედგენილი, ამაზე აუცილებლად გვეცოდინება.
აღნიშნული ცვლილება დიდ ბიძგს მისცემს სექტორს და კომპანიებს იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი შესაძლებლობები გაუჩნდებათ, თუნდაც საერთაშორისო ტენდერებში გამოცდილება მოაგროვონ. შესაბამისად, ის თანხები უკვე ქვეყანაში დარჩება, რომელიც მაგალითად, ჩინურ და უცხოურ კომპანიებს ჩვენთან შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში გააქვთ ქვეყნის გარეთ. ეს ეკონომიკასაც წაადგება და თვითონ კომპანიებსაც. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება სექტორისთვის გაჯანსაღების პროცესს უფრო დააჩქარებს.
მაგალითად, ჩვენს მეზობელ ქვეყანას, თურქეთს აქვს 15%-იანი ეს საშეღავათო ზღვარი. არის გარკვეული ქვეყნები, მაგალითად ევროპაში, სადაც 9-10-14%-იანი ზღვარია. ეს უკვე მოლაპარაკებების და შეხედულების შესაბამისად იქნება ალბათ გადაწყვეტილი და ზუსტად მექანიზმი როგორ და რა ფორმით განხორციელდება, ამასთან დაკავშირებით ჯერ საქმის კურსში არ ვართ”, - განაცხადა ნათია ხვედელიძემ.
ცნობისთვის, ქართულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში შესაძლოა, საფასო უპირატესობა მიენიჭოთ. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელზეც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს და ცვლილება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში უნდა შევიდეს.




























