მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[უცხოური] კომპანიები ტენდერებში დემპინგურ ფასად შედიან" - რატომ ითხოვს ინფრასტრუქტურის დარგი საფასო შეღავათებს?

გზები

ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო კომპანია “კონსტრაქშენ სერვისის” დამფუძნებლის შეფასებით, საქართველომ სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭების მექანიზმის შემუშავებისას თურქეთის გამოცდილება უნდა გაიზიაროს.

როგორც გიორგი გაბუნიამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, თურქეთში ამ მიმართულებით საფასო უპირატესობის მაჩვენებელი 15%-ია, რაც უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივმა კომპანიებმა გამოცდილება დააგროვონ და შემდეგ შედარებით მსხვილ ტენდერებშიც მიიღონ მონაწილეობა.

მისივე თქმით, საქართველოში დღესაცაა პრაქტიკა, როდესაც უცხოური კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების მიზნით დემპინგური ფასებით შედიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა კომპანიებმა გარკვეული პრეფერენციებით ისარგებლონ.

“არ მინდა ქვეყანა ვახსენო, მაგრამ ქართულ ბაზარზე დომინირებენ კომპანიები, რომელთა უკანაც დგანან სახელმწიფოები და უპრობლემოდ მიდიან დემპინგზე იმ იმედით, რომ შემდეგ მისი სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება პროექტები. ამას ორი მხარე აქვს - სახელმწიფოც გარანტირებულად წყნარად არის, რომ წარმოდგენილი გარანტიების საფუძველზე მიიღოს ის პროდუქტი, მაგრამ ამ დროს ფული გაედინება სრულად ქვეყნიდან, ფისკალურად არ არის მომგებიანი და ვთვლი, რომ მაინც მნიშვნელოვანია, რომ ეს უპირატესობა ქართულ კომპანიებს უნდა ჰქონდეს თუნდაც გარე კომპანიებთან მიმართებაში.

აქ მეორე საკითხი არის - რომ მიიღო საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობა, უნდა გქონდეს შესაბამისი გამოცდილება დაგროვილი. შიდა ბაზარზე ბოლო პერიოდში გამოვიდა ისეთი გამსხვილებული ტენდერები, რომ მიეცემა ქართულ ძლიერ კომპანიებს ისეთი კვალიფიკაციის და გამოცდილების მიღება, რომ შემდეგ შეძლოს ამ პრეფერენციების გამოყენება საერთაშორისო ტენდერებში.

ვთვლი, რომ თურქეთის მაგალითი ყველაზე კარგი იქნებოდა, სავარაუდოდ 15%-მდე ადგილობრივი კომპანიებისთვის პრეფერენციების მინიჭება]. იმიტომ, რომ მე მქონდა კონკრეტული შემთხვევა, ერთმა უცხოურმა კომპანიამ ერთი მიზნის მისაღწევად კონტრაქტი ჩამიშალა სამ ნაწილად - მოწოდება, დამზადება, ტრანსპორტირება, მონტაჟი. რეალურად შესრულებული მაქვს ის სამუშაო, მაგრამ ერთ კონტრაქტში არაა გაერთიანებული და გამოცდილებაში არ ითვლება. იმიტომ რომ ისინიც კი, ვინც ქართულ ბაზარზე არიან წარმოდგენილი [უცხოური კომპანიები], ცდილობენ, რომ არ გაგიზიარონ შენ ის გამოცდილება, ვინაიდან არ გახდე შემდეგ მისი კონკურენტი”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ცნობისთვის, ქართულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში შესაძლოა, საფასო უპირატესობა მიენიჭოთ. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელზეც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს და ცვლილება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში უნდა შევიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები