ინფრასტრუქტურული კომპანიების ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერებში მაღალმთიან რეგიონებში განსახორციელებელი სამუშაოების ფასწარმოქმნაში შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შევიდეს.
როგორც კომპანია “კონსტრაქშენ სერვისის” დამფუძნებელმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ინფრასტრუქტურის მინისტრთან გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე კომპანიებმა დასვეს საკითხი, რომ სხვადასხვა რეგიონების თავისებურებიდან გამომდინარე ტენდერებში ფასწარმოქმნა განსხვავებულად უნდა გაკეთდეს.
გიორგი გაბუნიას თქმით, არის რეგიონები, სადაც ამინდიდან და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაშია შესაძლებელი. შესაბამისად, მისი თქმით, სახელმწიფომ პროექტებში მსგავსი თავისებურებები უნდა გაითვალისწინოს.
„ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრაზე დაისვა საკითხი კონკრეტულ ტენდერებზე, რომელიც მაღალმთიან ზონაში უნდა განხორციელდეს. იმიტომ რომ გვაქვს სპეციფიკური რეგიონები, მაღალმთიანი აჭარა, სვანეთი, მთიულეთი, ის რეგიონები, სადაც ქვეყანას მაინც მოუწევს ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის რეზერვი და ტურისტული პოტენციალის განვითარების ერთ-ერთი საშუალებაა. ამ კუთხითაც, როგორც ვიცი, გარკვეული სამუშაოები დაიწყება, ანუ რაც შეიძლება გაკეთდეს იმერეთში, დაბალ ზონაში, არ შეიძლება ადეკვატური იყოს, მაგალითად, პირიქითა ხევსურეთში და მთიულეთში. შესაბამისად, ვიცი, რომ ამაზე საუბარი იყო.
მაგალითად, ალპურ ზონებში, სვანეთში, თუნდაც თუშეთში პერიოდი, როდესაც შეიძლება სამშენებლო კომპანიამ იმუშაოს, შეიძლება იყოს 3 ან 4 თვე და დანარჩენ შემთხვევაში მობილიზაცია გარკვეულ ხარჯებს წარმოქმნის. შეიძლება რამდენიმე მილიონის ტექნიკა უბრალოდ ჩარჩეს მთიან ზონაში და ფაქტობრივად ვერ გამოიყენო. იყოს. ალბათ იქნება გადადგმული ნაბიჯები, ვინაიდან, ჩვენი ტურისტული პოტენციალი არის მაღალმთიანი ზონები, ჩვენი ტყის მასივები, სამთო ზონები და შესაბამისად, ალბათ ამ კუთხით სახელმწიფო გადადგამს ნაბიჯებს, რომ განსხვავებები ასახული იყოს ფასწარმოქმნაში“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
























