მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესსექტორიდან პარლამენტში - ვინ არის ქეთევან ხუროძე, რომელმაც პარლამენტში მაია ბითაძე შეცვალა

ქეთევან ხუროძე

პარლამენტმა გამოკლებული წევრის, მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო. გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 79-მა დეპუტატმა დაუჭირა.

შესაბამისი დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა წარადგინა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქეთევან ხუროძეს უფლებამოსილების ცნობა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მაია ბითაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყდა, რაც იგი ირაკლი კობახიძის ბრძანებით კულტურის მინისტრად დაინიშნა. ბითაძე საკანონმდებლო ორგანოში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, სადაც იგი თორნიკე ჭეიშვილმა შეცვალა.

ქეთევან ხუროძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში 105-ე ნომერი იყო. იგი აქამდე ბიზნესსექტორში საქმიანობდა და რამდენიმე კომპანიას ხელმძღვანელობდა:

  • არის „მეიდანი ჯგუფში“ შემავალი უძრავი ქონების მართვისა და განვითარების კომპანიის, შპს „მეიდანია ფროფერთის“ დირექტორი;
  • სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, იკავებს შპს „ძველი მეიდანისა“ და შპს „სიღნაღის ეთნოპარკის“ დირექტორის პოსტებს;
  • ფლობს 25%-იან წილს თხილის სექტორში მომუშავე კომპანია შპს „ჯეონათში“.

კერძო სექტორის გარდა, ხუროძე აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა იგი აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის (East-West University) ვიცე-პრეზიდენტია.

უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ქეთევან ხუროძემ 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2010 წელს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ხოლო მოგვიანებით სამოქალაქო სამართლის მიმართულებით დოქტორანტურა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიარა. მას იურიდიულ, საგანმანათლებლო და პროექტების მართვის სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები