მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის არცერთ კომიტეტს სხდომაზე თანამდებობის პირი არ მოუწვევია - 3 თვის ანგარიში

პარლამენტი

2026 წლის III კვარტალში, 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, პარლამენტის არცერთ კომიტეტსა თუ ფრაქციას სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევა არ მოუთხოვია; ამასთან, არც თავად თანამდებობის პირებს გამოუჩენიათ ინიციატივა, რომ კომიტეტებში მოსმენა მოეთხოვათ - აღნიშნული სტატისტიკა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა წარადგინა.

რეგლამენტის 165-ე მუხლის საფუძველზე მომზადებული ანგარიშის წარდგენისას მათიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საანგარიშო პერიოდში ინტერესი არცერთ მხარეს არ გამოუვლენია:

"კომიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებისა და შეჯერების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში პარლამენტის არცერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ.

აგრეთვე, არცერთ შემთხვევაში ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება. ნუ, არ გამოუჩენიათ შესაბამისი ინტერესი, როგორც ჩანს.

შესწავლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არცერთ თანამდებობის პირს არ მოუმართავს პარლამენტის კომიტეტისთვის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, პროცესი გაცილებით აქტიური იქნებოდა, ორივე მხრიდან სათანადო ჩართულობა რომ ყოფილიყო.

"უფრო საინტერესო პროცედურა იქნებოდა, თუკი მეტი ინტერესი იქნებოდა როგორც კომიტეტების მხრიდან, ასევე უკუკავშირი თანამდებობის პირების მხრიდან, თუმცა, როგორც ხედავთ, ამ ეტაპისთვის არც დასწრება მოუთხოვია ვინმეს და არც მოსმენა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტები კალენდარული წლის ყოველი მესამე თვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში უგზავნიან საპროცედურო კომიტეტს ინფორმაციას თანამდებობის პირთა მოსმენისა და დასწრების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები