მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის სააგენტო ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხს მაღაზიებსა და ბაზრებზეც გააკონტროლებს – პარლამენტმა კანონი მიიღო

ღვინო

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 69 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო.

ცვლილებებით ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებები ფართოვდება: სააგენტო ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხსა და სერტიფიცირებას არა მხოლოდ წარმოების ეტაპზე, არამედ ადგილობრივ ბაზარზეც გააკონტროლებს. ეს ნიშნავს, რომ მისი კონტროლი პროდუქციის წარმოებიდან მაღაზიებსა და ბაზრებზე რეალიზაციამდე გავრცელდება.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის ძირითადი ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

მისი განმარტებით, ცვლილებების მიზანია სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება და ფალსიფიკაციისთვის სივრცის შემცირება. ამასთან, სააგენტოს ახალი უფლებამოსილებების ამოქმედებამდე მოსამზადებელი პერიოდი იქნება საჭირო.

კანონპროექტის მიხედვით, ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული ალკოჰოლიანი სასმელების სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს, გარდა უვნებლობის კონტროლისა. სააგენტო შეამოწმებს პროდუქციის ხარისხსა და ეტიკეტირების მოთხოვნებთან შესაბამისობას და ამასთანავე, სერტიფიცირების პროცესსაც გააკონტროლებს.

აქამდე ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხისა და ეტიკეტირების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებდა. ცვლილებების შემდეგ ამ უწყებას სასმელების უვნებლობის შემოწმების ფუნქცია დარჩება, ხოლო ხარისხისა და სერტიფიცირების კონტროლი ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა.

გარდა ამისა, სავალდებულო სერტიფიცირება გავრცელდება იმპორტირებულ სპირტიან სასმელებსა და იმპორტისთვის განკუთვნილ კონცენტრირებულ ყურძნის ტკბილზეც, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.

ცვლილებებით განისაზღვრება სახელმწიფო ენოთეკის ცნება და მისი შექმნის, მართვისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სააგენტოს უფლებამოსილებები.

ასევე ზუსტდება ბუნებრივი ღვინის წარმოებისას დასაშვები ოპერაციები, ღვინის წარმოებაში წყლის გამოყენების შეზღუდვები და პროდუქციის წარმოებისა და შენახვის ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და სერტიფიცირების მოთხოვნები.

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. მათ შორის, იზრდება ჯარიმა სერტიფიცირების მიზნით ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის წარდგენისთვის.

ასეთი დარღვევისთვის ჯარიმა 1 000-ის ნაცვლად 5 000 ლარი გახდება, ხოლო თუ იგივე ქმედება ერთი წლის განმავლობაში განმეორდება, ჯარიმა 2 000-ის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები