მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერტიფიცირებისას შეუსაბამო სასმლის ნიმუშის წარდგენაზე ჯარიმა ხუთმაგდება | კანონპროექტი

ქართული ღვინო

ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმლის სერტიფიცირებისა და კონტროლის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება და ახალი სანქციები წესდება. შესაბამის ცვლილებებს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში დარეგისტრირდა და დაჩქარებული წესით განხილვაა მოთხოვნილი.

ცვლილებებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს ემატება ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხისა და სერტიფიცირების სრული კონტროლი არა მხოლოდ წარმოების ეტაპზე, არამედ უკვე მაღაზიებსა და ბაზარზეც, რასაც აქამდე სურსათის ეროვნული სააგენტო აკეთებდა, ხოლო სურსათის სააგენტოს მხოლოდ სასმლის უვნებლობის შემოწმების ფუნქცია რჩება. შესაბამისად, ღვინის სააგენტო გააკონტროლებს ადგილობრივ ბაზარზე გატანილი ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხს, ეტიკეტის სისწორეს და დარღვევებზე თავად გამოწერს ჯარიმებს.

პაკეტს ახლავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებიც. სერტიფიცირების მიზნით ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის წარდგენისთვის ჯარიმა ხუთმაგდება და 5 000 ლარი იქნება (ნაცვლად 1 000 ლარისა), ხოლო იმავე ქმედების 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისას - ჯარიმა იქნება 10 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 2 000 ლარისა).

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ახალი მუხლებიც ემატება, რომლითაც დგინდება პასუხისმგებლობა საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტის "ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენისას - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სპირტიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, განმეორება კი 2 000 ლარის ოდენობით.

ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის სახელმწიფო კონტროლში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლის განხორციელებასა და ახალ ჯარიმებთან დაკავშირებული ნორმები ძალაში 2027 წლის 1 ივნისიდან შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები