მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინოზე კონტროლის გამკაცრება იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფალსიფიცირების დიდი პრობლემაა - ვასილ მანაგაძე

ვასილ მანაგაძე

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე მიიჩნევს, რომ სააგენტოს უფლებამოსილებების გაფართოება და მის მანდატში ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის დამატება პროდუქციის ფალსიფიცირების გახშირებულ შემთხვევებს უკავშირდება.

როგორც ვასილ მანაგაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის პირობებში ეს მიმართულება ნაკლებად ეფექტიანი იყო, რის გამოც სავარაუდოა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მანდატს გაფართოება გადაწყდა.

თუმცა მისივე თქმით, ისმის კითხვა, რამდენად შეძლებს სხვადასხვა მიმართულებით ეფექტიან კონტროლს თავად ღვინის ეროვნული სააგენტო.

„ბოლო ორ წელიწადში რეკორდული რაოდენობა ცვლილებები შევიდა კანონშიც, რეგულაციებშიც და იქამდე მივედით, რომ რაღაც დამატებითი გადასახადები შემოიღეს და რაც მთავარია, ეს ხდება კოსმოსური სისწრაფით, დარგისგან ფარულად. ეს ყველაფერი მიანიშნებს ერთ რამეზე, რომ რაღაც ძალიან დიდი განუკითხაობაა რეალურად ამ სექტორში და როგორც იქნა, ერთადერთი პოზიტიური არის ის, რომ როგორც იქნა, მგონი მარეგულირებელი ორგანო მიხვდა, რომ ძალიან დიდი პრობლემაა ფალსიფიკაციის რეალურად ქვეყანაში და ახლა ისინი იძულებულები არიან, რომ რაღაც ზომები მიიღონ. რამდენად გამოგვადგება ჩვენ რეალურად მათი მიღებული ზომები, ეგ მეორე საკითხია, მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ რეალურად ქვეყანაში ეს პრობლემა არის.

ამ პრობლემის მოგვარება პირველ რიგში, ევალებოდა ღვინის ეროვნულ სააგენტოს რომელსაც ახლა დამატებითი ფუნქციები დააკისრეს და ეს რამდენად შედეგის მომტანი იქნება, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამას. იმიტომ რომ მათ რა მოვალეობებიც ჰქონდათ, იმას ვერ ასრულებდნენ, ახლა წარმოიდგინეთ, რომ კიდევ დამატებითი ფუნქცია და მოვალეობები დაუმატეს. ადგილობრივ ბაზარზე კონტროლი, ექსპორტის კონტროლი, ხარისხის კონტროლი, ეს, რა საკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველაფერი აქამდეც უნდა გაეკეთებინა სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც, ღვინის ეროვნულ სააგენტოსაც, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ ხდებოდა. ახლა ხდება დაჩქარებული წესით ამ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც გაუგებარია, რეალურად რა შედეგს მოგვიტანს“, - განაცხადა ვასილ მანაგაძემ.

ცნობისთვის, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2027 წლის 1 ივნისიდან ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმლის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, ღვინის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.

ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმლის სერტიფიცირებისა და კონტროლის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება და ახალი სანქციები წესდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები