მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იგეგმება თუ არა დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკირებების მოწყობა? - მაია ბითაძის პასუხი

628ce95de4d6e
ვიქტორია მღებრიშვილი
24.05.22 18:22
3525
იგეგმება თუ არა დედაქალაქში რამდენიმესართულიანი პარკირების მოწყობა - ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძეს მიმართა, რომელიც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს წარადგენდა. 

კახა კახიშვილმა ძველ თბილისში პარკირების ადგილების სიმცირეზე ისაუბრა.

„ერთი მხრივ, პარკირების საფასურს და ჯარიმებს ვზრდით, მეორე მხრივ, ხომ არ უნდა ვიფიქროთ პარკირების სისტემის შექმნაზე, თუნდაც ლიფტიანი პარკირება და ა.შ. ეს სისტემები მოსაფიქრებელია, რადგან ადამიანები ფიზიკურად მანქანას ვერსად აჩერებენ. მესმის, ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა ვიფიქროთ. დიდ მეგაპოლისებში რამდენიმესართულიანი პარკირებებია და ხომ არ ვფიქრობთ, ჩვენც ასეთი პარკირებების შექმნას?“ - მიმართა დეპუტატმა მაია ბითაძეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ თბილისში მიწისქვეშა მრავალსართულიანი პარკირების მოწყობა ჰიდროლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა, ხოლო მიწისზედა მრავალდონიანი პარკირების მოსაწყობად დედაქალაქში ადგილი აღარ არის.

„დედაქალაქში მიწისზედა და მიწისქვეშა პარკირების მოწყობის საკითხი წლებია განიხილება. კვლავ გამოყოფილია ტერიტორიები, იყვნენ სუბიექტები, რომლებმაც პარკირებების მოსაწყობად შესაბამის ტენდერებსა და კონკურსებში გაიმარჯვეს, თუმცა დედაქალაქის ჰიდროლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიწისქვეშა პარკირებების მოწყობა ვერ განხორციელდა. თბილისში მიწისქვეშა მრავალსართულიანი პარკირების მოწყობა ჭირს. მიწისქვეშა პარკირებების ნაცვლად მიწისზედა პარკირების მოწყობის შემოთავაზებებიც გვქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში თბილისს ტერიტორიები აკლია. პრაქტიკულად აღარ არსებობს ტერიტორია, სადაც მიწისზედა პარკირების მოწყობა შეიძლება. მაგალითად, ყაზბეგის, მიცკევიჩისა და საბურთალოს ქუჩის კვეთაზე 5-სართულიანი პარკირების გაკეთება იყო შემოთავაზებული, რაც ბუნებრივია ამ ქალაქისთვის კარგი არ იქნებოდა“, - განაცხადა ბითაძემ და დასძინა, რომ თბილისში საბჭოთა კავშირის დროს არსებული მრავალსართულიანი საპარკინგე ადგილები ან გაყიდულია, ან ამორტიზირებულია, აქედან გამომდინარე ამ მიზნით დედაქალაქში ადგილების მოძებნა რთულია.

მაია ბითაძემ ისიც აღნიშნა, რომ თბილისში გარკვეული ადგილები იდენტიფიცირებულია და მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად მუშაობა დღესაც მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით განმარტა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი იდეა, არა ახალი საპარკინგე ადგილების შექმნა, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაქსიმალური განვითარებაა.

„სხვა შემთხვევაში პარკირების ადგილების შექმნა და გზების გაფართოება საცობების პრობლემას ვერასდროს გადაჭრის“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები