პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, დილიდან შოვში, გეოლოგები მუშაობენ და დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე სტიქიის გამეორების საფრთხე არ არსებობს.
მისი თქმით, რაჭაში, სტიქიური უბედურება რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია, რამაც კატასტროფული შედეგები გამოიწვია.
„დღეს დილიდან როგორც კი გათენდა, გეოლოგები ადგილზე არიან, რაჭაში ტერიტორია დაათვალიერეს. პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება, არის ის, რომ ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს.
სამწუხაროდ, ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც პრაქტიკულად უპრეცედენტო რაოდენობის მასის ჩამოწოლა გამოიწვია. ერთმანეთს დაემთხვა - უხვი ნალექი, ეროზიული პროცესები, რაც კლიმატის ცვლილებების პარალელურად ვითარდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. ასევე იყო ღვარცოფი, მყინვარების დნობა და მეწყერი. ამ ხუთმა ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესმა გამოიწვია ის კატასტროფული შედეგი, რომლის გამოც არის ტრაგიკული მდგომარეობა, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა. დაახლოებით ორ კილომეტრამდე ტერიტორია ხუთ მილიონამდე კუბი ინერტული მასით არის დაფარული. ყველა მოვლენამ ერთობლივად, ის საგანგაშო მდგომარეობა შექმნა, რასაც გუშინდელი დღიდან მთელი ქვეყანა აქტიურად ებრძვის“, - განაცხადა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.
მაია ბითაძემ შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
შეგახსენებთ, შოვში, მეწყერი, გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს, 6 ადამიანი ემსხვერპლა. ონის მუნიციპალიტეტში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და 400-მდე მეხანძრე - მაშველი. დღეს, 06:00 საათიდან, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე, ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და, ამ დროისთვის, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 210 ადამიანი. სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი; ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც.