პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, საქართველოში შოვში მომხდარ სტიქიური უბედურების მიზეზი 5 ბუნებრივი მოვლენა იყო, რომლის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის შესახებ მან პარლამენტში რაჭაში მომხდარ სტიქიაზე საუბრისას განაცხადა.
„რაჭაში, ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი, ასევე ის ეროზიული პროცესები, რაც კლიმატის ცვლილებების პარალელურად ვითარდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, ასევე ღვარცოფი, მყინვარების დნობა, რომელიც ასევე კლიმატის ცვლილებებით არის გამოწვეული და მეწყერი. ამ ხუთმა ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესმა ის კატასტროფული შედეგი გამოიწვია, რომლის გამოც დღესდღეობით ძალიან ტრაგიკული მდგომარეობა გვაქვს, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაახლოებით 2 კმ - მდე ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 5 მილიონამდე ინერტული კუბური მასით არის დაფარული და პრაქტიკულად შეიქმნა ის საგანგაშო მდგომარეობა, რომელსაც გუშინდელი დღიდან მთელი ქვეყანა ებრძვის“, - აღნიშნა ბითაძემ.
მან როგორც სფეროში გარკვეულმა ადამიანმა აღნიშნა, რომ ბუნებრივი სტიქიების პროგნოზირების შეუძლებლობის მიუხედავად, ქვეყანაში გარკვეული ნაბიჯები იდგმება, რომ დაკვირვების მონიტორინგის ქსელი შეიქმნას.
“რა გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და მოხდა თუ არა გარკვეული საკითხების პრევენცია? - ბუნებრივია მოხდა. ბოლო წლებში, განსაკუთრებით აქტიურად ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჰიდროლოგიური და გეოლოგიური დაკვირვების მონიტორინგის ქსელის აღდგენა დაიწყო, დაახლოებით 60 - დან 110 სადგურამდე გვაქვს ჯამში ჰიდროლოგიური მონიტორინგის. ქვეყანას საერთოდ არ ჰქონდა რადარი, დღეს გვაქვს ორი რადარი, რომელიც მეტეოროლოგიური პროგნოზების ძალიან მაღალ ინფორმაციულ საშუალებას გვაძლევს, რაც ჯამში გვაძლევს ზუსტად იმის საშუალებას, რაც მე დღეს ვთქვი, რომ ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი და 5 ბუნებრივი მოვლენა.
თუმცა არსებობს ბუნებრივი მოვლენები, რომელთა ერთობლივად ამოქმედების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ არის კლიმატის ცვლილება და თუ გავიხსენებთ, რომ ამ რეგიონში გარდა მიწისძვრის, რომელიც 90-იან წლებში მოხდა, ასეთი მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა არ მომხდარა, ჩვენ კიდევ ერთხელ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ გადასული ვართ ახალ ერაში და ეს ახალი ერა არის კლიმატის ცვლილება, აბსოლუტურად უდროოა ამაზე საუბარი დღეს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების დროს მაქსიმალურად ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ინსტრუმენტალური აღჭურვილობა გვქონდეს პროგნოზირებისთვის, რაც აუცილებელია პრევენციისთვის. ეს პრევენცია და პროგნოზირება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ რიგ შემთხვევაში გარკვეულ მოვლენებს აზღვევს, მაგრამ არის მოვლენები, რომელთა დაზღვევა ისევე როგორც მიწისძვრის, პრაქტიკულად შეუძლებელია“, - განაცხადა ბითაძემ.
მაია ბითაძეს ჟურნალისტებმა კურორტზე არსებული კოტეჯების აშენების ვადებზეც ჰკითხეს, რაზეც გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს კოტეჯები კომუნისტების დროსაა აშენებული. ბითაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო სამშენებლო ნებართვების გაცემას გეოლოგიური რუკების საფუძველზე გასცემს.
"ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებობს სპეციალური გეოლოგიური რუკები, იყო საუბარი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე და ა.შ. როცა ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე, ეს არ არის აბსტრაქცია და მთელი მსოფლიო არ გაგიჟებულა, რომ მაინც და მაინც კლიმატის ცვლილებას აკავშირებს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას და აყვანილია მთავარ პრიორიტეტებში ადამიანის უფლებათა ჭრილში, ეს რატომ ხდება, იმიტომ რომ მოვლენები რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს იწვევს ეროზიებს, კლიმატის ცვლილებას, დათბობას და ა.შ. ანუ ბუნება შეიცვალა, ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ.
კოტეჯები, რომელიც იქ არის აშენებული, არის ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, ნებართვები ძველი გაცემული იყო, მიუხედავად იმისა, რომ არის მეწყრული ზონა, მაგრამ ის რომ 5 ბუნებრივი მოვლენა ერთად ამოქმედდებოდა, გამოწვეულია ქანების ეროზიით და მყინვარების დნობით, რაც პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან.
ჩვენ ბოლო პერიოდში, დერეგულაციების ფაქტორების მიუხედავად გლაციოლოგიური კვლევები მოგვეპოვება, რაც აჩვენებს, რომ მყინვარები ინტენსიურად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დნება. კოტეჯები ძველი აშენებული იყო და იმის პროგნოზირება სად მოხდება მიწისძვრა და სად დაემთხვევა ერთმანეთს 5 ბუნებრივი მოვლენა, შეუძლებელია.
ვაპირებთ, სახელმწიფოში მომზადებული გეოლოგიური რუკები საფუძვლად დავუდოთ ყველა სამშენებლო ნებართვას მიუხედავად იმისა, რომ დღეს, სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს, იქ, სადაც გეოლოგიური რუკები უკვე არსებობს, ეს საფუძვლად ედება მშენებლობას“, - განაცხადა პარლამენტის პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ „ამ ფერდზე, სადაც ეს პროცესები წარიმართა, ხის ჭრის მასიური მოვლენა არ დაფიქსირებულა".