„ვაპირებთ, ყველა სამშენებლო ნებართვას მომზადებული გეოლოგიური რუკები დავუდოთ საფუძვლად“ - ეს განცხადება პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ჟურნალისტების კითხვა კურორტზე არსებულ კოტეჯების აშენების შესახებ იყო დასმული, რაზეც ბითაძემ უპასუხა, რომ კოტეჯები კომუნისტების დროს იყო აშენებული, კლიმატური ცვლილებები კი რომელიც მსოფლიოში ვითარდება ბუნების ცვლილებას იწვევს და სტიქიებს განაპირობებს.
"ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებობს სპეციალური გეოლოგიური რუკები, იყო საუბარი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე და ა.შ. როცა ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე, ეს არ არის აბსტრაქცია და მთელი მსოფლიო არ გაგიჟებულა, რომ მაინც და მაინც კლიმატის ცვლილებას აკავშირებს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას და აყვანილია მთავარ პრიორიტეტებში ადამიანის უფლებათა ჭრილში, ეს რატომ ხდება, იმიტომ რომ მოვლენები რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს იწვევს ეროზიებს, კლიმატის ცვლილებას, დათბობას და ა.შ. ანუ ბუნება შეიცვალა, ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ.
კოტეჯები, რომელიც იქ არის აშენებული, არის ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, ნებართვები ძველი გაცემული იყო, მიუხედავად იმისა, რომ არის მეწყრული ზონა, მაგრამ ის რომ 5 ბუნებრივი მოვლენა ერთად ამოქმედდებოდა, გამოწვეულია ქანების ეროზიით და მყინვარების დნობით, რაც პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან.
ჩვენ ბოლო პერიოდში, დერეგულაციების ფაქტორების მიუხედავად გლაციოლოგიური კვლევები მოგვეპოვება, რაც აჩვენებს, რომ მყინვარები ინტენსიურად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დნება. კოტეჯები ძველი აშენებული იყო და იმის პროგნოზირება სად მოხდება მიწისძვრა და სად დაემთხვევა ერთმანეთს 5 ბუნებრივი მოვლენა, შეუძლებელია.
ვაპირებთ, სახელმწიფოში მომზადებული გეოლოგიური რუკები საფუძვლად დავუდოთ ყველა სამშენებლო ნებართვას მიუხედავად იმისა, რომ დღეს, სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს, იქ, სადაც გეოლოგიური რუკები უკვე არსებობს, ეს საფუძვლად ედება მშენებლობას“, - განაცხადა პარლამენტის პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ „ამ ფერდზე, სადაც ეს პროცესები წარიმართა, ხის ჭრის მასიური მოვლენა არ დაფიქსირებულა".