მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში უმუშევრობა ოდნავ შემცირდა, წლიურ ჭრილში - ისევ ზრდაა

5fb62b0af414c
შოთა ტყეშელაშვილი
19.11.20 12:21
885
საქსტატმა მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წლის მესამე კვარტალში არსებულ მდგომარეობას ასახავს. 

სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და ის 11.9%-ს უტოლდება. თუმცა, მეორე კვარტალთან მიმართებით უმუშევრობის დონე 0.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

უმუშევრობის დონე გასული კვარტალების მიხედვით შემდეგია:



2020 წლის მესამე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 49.5 პროცენტია, რაც 1.1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით. შესაბამისად, დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან თვითდასაქმებული 50.5 პროცენტია.

მკვეთრად განსხვავებულია უმუშევრობის დონე ქალაქისა და სოფლს ჭრილში. საქსტატის მიხედვით, ქალაქში უმუშევრობის დონე 18.8%, სოფელში კი 4.8%-ია. ამ სხვაობას სტატისტიკის მეთოდოლოგია განაპირობებს, რომელიც სოფლად მაცხოვრებელ შრომისუნარიან მოქალაქეებს ავტომატურად თვითდასაქმებულებად მიიჩნევს. საქსტატი სამუშაო ძალის გამოკვლევის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლას გეგმავს, რომლის მიხედვითაც თვითდასაქმებულებიდან გამოირიცხებიან ის პირები, რომლებიც საკუთარი წარმოებული პროდუქციის ძირითად ნაწილს პირადი მოხმარებისთვის იყენებენ. 

რაც შეეხება უმუშევრობის ზრდის სამომავლო პროგნოზებს, ეროვნული ბანკის შეფასებით 2020 წელს საქართველოში უმუშევრობა 4 პროცენტული პუნქტით გაიზრდება და ის მომდევნო წლებში ეტაპობრივად შემცირდება. 

საქართველოს კალკულაციის თანახმად, მიმდინარე პანდემიის დროს, ქვეყანაში დაახლოებით, 100,000-მდე ადამიანმა დაკარგა სამსახური. 

BMG-მ გამოითხოვა ოფიციალური სტატისტიკა იმის თაობაზე, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია. აღნიშნული პროგრამა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ყოველთვიურ დახმარებას იღებდნენ ის პირები, ვისაც 2020 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით ჰქონდათ ხელფასები, თუმცა ამის შემდგომ შემოსავალი დაკარგეს. ეს დახმარება 6 თვის განმავლობაში გაიცემოდა, თუმცა მოქალაქეებს ის უწყდებოდათ მაშინვე, თუკი მათ ანგარიშზე 10 ლარზე მეტი მოცულობის სხვა შემოსავალი დაფიქსირდებოდა. 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მაის-სექტემბრის განმავლობაში ამ დახმარებით ერთხელ მაინც 161,905-მა ადამიანმა ისარგებლა.

თვეების მიხედვით, კომპენსაციის მიმღებთა სტატისტიკა ასეთია:

მაისი - 72 131 პირს გადაერიცხა 14 426 200 ლარი;
ივნისი - 143 801 პირს გადაერიცხა - 28 760 200 ლარი;
ივლისი - 127 430 პირს გადაერიცხა - 25 486 000 ლარი;
აგვისტო - 96 765 პირს გადაერიცხა - 19 353 000 ლარი;
სექტემბერი - 91 315 პირს გადაერიცხა - 18 263 000 ლარი;