კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია, სხვა ბიზნესმენების მსგავსად, ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტზე საუბრობს. ბიზნესმენი არ გამორიცხავს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, მუშახელის საზღვარგარეთიდან შემოყვანის საჭიროება გაჩნდეს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
ილია წულაია იმ ბიზნესმენების კატეგორიაში არაა, ვინც სამუშაო ძალის დეფიციტს, ძირითადად, საქართველოდან გაზრდილ ემიგრაციას უკავშირებს. „არქის“ დამფუძნებლის აზრით, მუშახელის ნაკლებობა, როგორც გამოწვევა, მაღალი ეკონომიკური ზრდით აიხსნება.
„როგორც დამსაქმებელმა, შემიძლია გითხრათ, რომ კადრების ძალიან დიდი დეფიციტია; ხელფასები მომატებულია, მაგრამ ნებისმიერ სფეროში დიდი ნაკლებობაა. მუშახელზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. პირობითად, თუ ადრე 1 მლნ კვადრატული მეტრი შენდებოდა, ახლა 2 მლნ კვ/მ შენდება, ამიტომ გაჩნდა დეფიციტი. მე ვერ ვიტყვი, რომ ქვეყნიდან ხალხი გარბის... „არქი“ დეველოპერული კომპანიაა, მაგრამ პარტნიორი სამშენებლო კომპანიებისგან მსმენია, რომ წლების წინ, აღმოსავლეთ ევროპაში, მაგალითად, პოლონეთში სამუშაოდ წასული სპეციალისტები უკან დაბრუნდნენ; შეიძლება, მათ აქ იგივე დონის ან ოდნავ ნაკლები ხელფასი აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ, საკუთარ ქვეყანაში არიან და ნაკლები ხარჯი აქვთ. ბევრი ადამიანი უკან დაბრუნდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი...
მოგეხსენებათ, სამი წლის წინ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 4000 დოლარი იყო, ახლა თითქმის 8000 დოლარია. ეს სასიხარულო ფაქტია; როდესაც ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპია, ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში წარმოიქმნება კადრების დეფიციტი. ამას საბოლოო ჯამში, ბუნებრივი გაგრძელება უკვე მოჰყვეს და ალბათ მოჰყვება კიდეც.
ჩემი ვარაუდით, შედარებით ნაკლებადგანვითარებული ქვეყნებიდან, სადაც საქართველოსთან შედარებით დაბალია ხელფასები, ერთ სულ მოსახლეზე მშპ ნაკლებია, მაგრამ ჰყავთ სამუშაო ძალა, მთავრობა მუშახელის შემოყვანაზე გარკვეულ კვოტებს დაუშვებს ის სფეროებისთვის, სადაც კადრების დეფიციტია, რათა ეკონომიკური ზრდა არ შეფერხდეს“, - განაცხადა ილია წულაიამ და იქვე დასძინა, რომ „ბევრი ბიზნესი ამას ითხოვს“.
თემაზე საუბრისას „არქის“ დამფუძნებელმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მაგალითი მოიყვანა, სადაც მაღალი ეკონომიკური ზრდის პერიოდში მუშახელის მიგრაცია მაღალი იყო.
ილია წულაიას მოლოდინი აქვს, რომ ეკონომიკურ ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება, რაც სამუშაო ძალაზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის.
„კადრების შემოყვანა საზღვარგარეთიდან ნებისმიერი ქვეყნისთვის პოზიტიურია. ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი მუშახელი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას და დამატება სჭირდება. არ ვიცი, რეგიონებში რა ხდება, მაგრამ თბილისში, ის, რომ ხალხს დასაქმება უნდა და ვერ შოულობს სამსახურს, ცოტა რთული წარმოსადგენია“, - აღნიშნა ილია წულაიამ.