მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი Twitter-ის მფლობელი გახდა, მან პირველივე დღეს CEO და CFO თანამდებობიდან გადააყენა

635b737555e65
გიორგი თოლორდავა
28.10.22 10:13
1563
$44-მილიარდიანი გარიგების დასრულების შემდეგ, მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმემ Twitter-ის მართვა კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტში რადიკალური ცვლილებებით დაიწყო.

პირველივე დღეს მასკმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, მთავარი ფინანსური ოფიცერი ნედ სიგალი და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიჯაია გადი თანამდებობიდან გადააყენა.

დახურულ კარს მიღმა მენეჯმენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასკმა დატვიტა, რომ "ჩიტი თავისუფალია", რითაც ის იგულისხმა, რომ Twitter-ი მენეჯმენტის შემზღუდავი პოლიტიკისა და ცენზურისგან განთავისუფლდა, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.

Forbes-ის წყაროების ინფორმაციით, შეხვედრაზე მასკმა აწ უკვე ყოფილი CEO-ს განუცხადა, რომ ის მოლაპარაკებების პროცესში ბოტების რეალური რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიზანმიმართულად დამალვაშია დამნაშავე, რის გამოც ის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ იქნება განთავისუფლებული.

მართალია, მასკის ქონება 220 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა მისი ქონების უდიდეს ნაწილს კომპანიები და საინვესტიციო პორტფელი წარმოადგენს, შესაბამისად, Twitter-ის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით მასაც კი არ ჰქონდა, გამომდინარე აქედან, Twitter-ის შესაძენად საჭირო თანხის მოსაზიდად მან საინვესტიციო ბანკებსა და კერძო ფონდებს მიმართა.

13 მილიარდ დოლარი - ეს იმ თანხის მოცულობაა, რომელიც მასკმა ბანკებისგან ვალის სახით მიიღო, მათ შორის, ყველაზე დიდ მოცულობას კი მასკის რჩეული საინვესტიციო ბანკი - Morgan Stanley გასცემს, რომელსაც მილიარდერი მეწარმის ამბიციური პროექტები აქამდეც არაერთხელ დაუფინანსებია. როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის ტრანზაქციების სანაცვლოდ საინვესტიციო ბანკები 1-3%-იან საკომისიოს იღებენ.

ვალის მოცულობა საფინანსო ორგანიზაციების მიხედვით ასე ნაწილდება:

Morgan Stanley - $3.5 მლრდ
Bank of America - $2.7 მლრდ
Barclays - $2.7 მლრდ
MUFG - 2.7 მლრდ
BNP Paribas - $650 მლნ
Mizuho - $475 მლნ
Societe Generale - $275 მლნ


დარჩენილი თანხის შესაგროვებლად მასკმა კომპანია Tesla-ს აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, საერთო ჯამში, მიმდინარე წელს მასკმა საფონდო ბირჟაზე 32 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ თანხის მოზიდვაში ილონს მასკს მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-იც ეხმარება. კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, კრიპტობირჟა მასკის გეგმას 500 მილიონი დოლარით აფინანსებს.

ვრცლად მასკის გეგმების შესახებ წაიკითხეთ აქ: რეალურად რატომ ყიდულობს ილონ მასკი Twitter-ს და რა ამბიციური გეგმები აქვს მას?


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.