მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს თვეში 150 ლარს გადაუხდის

5e94936aa6b17
თამთა ჯიჯავაძე
13.04.20 20:27
29087
საქართველოში უმუშევრად დარჩენილი იმ მოქალაქეების სუბსიდირება მოხდება, რომლებმაც COVID-19-ისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის შედეგად, სამსახურები დაკარგეს. სუბსიდიის ფარგლებში იგეგმება ერთ ადამიანზე 6 თვის განმავლობაში 150 ლარის გაცემა. შესაბამისად, ერთ მოქალაქის უმუშევრობის კომპენსაციაზე საქართველოს მთავრობა 900 ლარს დახარჯავს. 

ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც ყველა ქვეყანაში კორონავირუსის გამოწვევების საპასუხოდ უკვე განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ ზომებს მოიცავს.

როგორც IMF-ის ვებგვერდზე წერია, ეს დახმარება მიმართული იქნება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ დასაქმებული (ანუ იხდიდნენ საშემოსავლო გადასახადს) და COVID-19-ის გამო, დარჩნენ უმუშევრები. 

აღნიშნულთან დაკავშირებით bm.ge დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს მთავრობას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ოფიციალურ კომენტარს ხვალ გააკეთებენ.

რაც შეეხება დანარჩენ ინფორმაციას, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი წერს:

„საქართველოს მთავრობამ, 1 აპრილს 13 მარტს გამოცხადებული 1-მილიარდიანი პაკეტის ზრდის შესახებ გააკეთა განცხადება და ის 2 მილიარდ ლარამდე, ანუ საქართველოს მშპ-ის 4%-მდე გაზარდა. პირველი პაკეტი მოიცავდა ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გაუქმებას ტურიზმის სექტორისთვის 2020 წლის ნოემბრამდე, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებზე, საკრედიტო საგარანტიო სქემის გაზრდას, დღგ–ს ანაზღაურების დაჩქარებას და გაზრდილ კაპიტალურ ხარჯებს“, – წერია ინფორმაციაში საქართველოს შესახებ.

გარდა ამისა, აღნიშნულია კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, რაც ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადების გადახდის უზრუნველყოფას მოიცავს სამი თვით იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 200 კვ.სთ–ზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრამდე გაზს მოიხმარენ თვეში მარტიდან მაისის ჩათვლით.

„351 მილიონი ლარი მიმართული იქნება ჯანდაცვის სექტორის დანახარჯებზე, მათ შორის ლაბორატორიულ ტესტირებაზე, კარანტინის ხარჯებზე და ასევე ჰოსპიტალიზაციასთან, სამედიცინო მკურნალობასა და მარაგებთან დაკავშირებულ გაზრდილ დანახარჯებზე“, – აღნიშულია ინფორმაციაში.

IMF–ი წერს, რომ ის ბიზნესები, რომლებმაც შეინარჩუნეს თანამშრომლები ასევე მიიღებენ სუბსიდიას. გარდა ამისა, მთავრობა უზრუნველყოფს 9 მნიშვნელოვანი პროდუქციის (ფქვილი, ხორბალი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი, ლობიო და წიწიბურა) იმპორტის სუბსიდირებას ჯამში 50 მილიონი ლარის ოდენობით.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები