მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტიორებისთვის ახალი რეგულაცია დაწესებულია - გაძვირდება თუ არა მედიკამენტების ფასები?

620e240d1d595
ინგა მურუსიძე
17.02.22 23:13
1318
საქართველოს პარლამენტმა უკვე სამი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც წამლის იმპორტიორებისთვის ქვეყანაში მედიკამენტის შემოტანამდე GMP-სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულება დამტკიცდა.

საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან გოგიბერიძე ამბობს, რომ კანონის მიღება სწორია, ვინაიდან ადგილობრივი და იმპორტიორი კომპანიები თანაბარ პირობებში ჩამდგარიყვნენ.

„GMP-სტანდარტი განსაზღვრავს კარგ საწარმოო პრაქტიკას და გარკვეულწილად არის ის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს წამლის ხარისხს, სანდოობას და ა.შ. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად საჭიროა მოეთხოვოს ის იმპორტიორსაც, ადგილობრივ მწარმოებლებს უკვე მოეთხოვებათ სტანდარტის დაკმაყოფილება, თუ ისინი გადაწყვეტდნენ ახალი საწარმოს აშენებას, ან ახალი მედიკამენტის დამატებას. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს მწარმოებლებს არაკონკურენტულ გარემოში აყენებდა. სწორედ ამ დროიდან ვითხოვთ, რომ იგივე მოთხოვნა იმპორტიორი კომპანიების მიმართაც ყოფილიყო წაყენებული.

აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ჩვენ ვაღიარებთ - ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა და ა.შ. ამ ქვეყნებიდან შემოსული მედიკამენტებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი იყოს GMP-ის შესაბამისობის სერტიფიკატი, რაც ფასებზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა არის ქვეყნები, რომელთა ქარხნებს არ გააჩნიათ GMP-ის შესაბამისობის სერტიფიკატი და იქიდან შემოდიოდა მედიკამენტები. არ ვიცი რამდენად საეჭვო იყო იქიდან შემოტანილი მედიკამენტები. მაგალითად, დღეისთვის საქართველოში GMP-სტანდარტი მხოლოდ ერთ საწარმოს აქვს, მაგრამ დანარჩენებიც უკვე დიდი ხანია მუშაობენ და ქმნიან ჩემი აზრით, ხარისხიან მედიკამენტს. ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ვისაც GMP-სტანდარტი არ გააჩნია, უხარისხო მედიკამენტს ქმნის, არასწორია“, - განაცხადა გოგიბერიძემ.

კითხვაზე, ხომ არ ჯობდა მომხდარიყო დიფერენციაცია იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მედიკამენტებსაც საქართველო აღიარებს და რომლებთანაც კითხვები აქვს, გოგიბერიძე პასუხობს, რომ აღიარებით ქვეყნებიდან შემოსულ მედიკამენტებზე იმპორტის ფურცლის წარმოდგენას არავინ ითხოვს. „ნებისმიერი მწარმოებელი იძებნება სისტემაში, ასე რომ ასეთი ქვეყნებიდან შემოსულ პროდუქციას არავინ მოსთხოვს ფურცლის წარდგენას. ამ ქვეყნებიდან შემოტანილ მედიკამენტებზე არავითარი ხარჯი არ იქნება. ერთადერთი პრობლემა ექნებათ იმ დისტრიბუტორებს, რომლებსაც პროდუქცია შემოაქვთ პარალელური იმპორტით და შესაძლებელია, რომ ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდეს“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება მოსაზრებას, ახალი კანონის მიღება და კონკურენციის შეზღუდვა აისახება თუ არა მედიკამენტების ფასებზე, „ფარმაცევტული ასოციაციის“ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პირველ ეტაპზე ასეც მოხდეს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ბაზარზე განსაკუთრებულ ცვლილებას არ გამოიწვევს.

„ამას ვუყურებთ მხოლოდ ერთი მხრიდან, უნდა დავიცვათ შიდა ბაზარი და ადგილობრივი წარმოება. იმის გამო, რომ ვიღაცას შევუქმნათ სასათბურე პირობები და ჩვენი მწარმოებლები დავაყენოთ დარტყმის ქვეშ, ეს მე არ მიმაჩნია სწორად. შესაძლებელია, პირველ ეტაპზე გამოიწვიოს მედიკამენტების დეფიციტი, თუმცა ეს არ იქნება ისეთი, რომ რადიკალური ცვლილებები მოხდეს ჩვენი მოსახლეობისთვის. თურქეთიდანაც უნდა შემოვიდეს ხარისხიანი მედიკამენტი. შესაძლებელია, გარკვეულწილად პირველ ეტაპზე ფასების მატება იყოს, თუმცა დამერწმუნეთ, ბაზარი დარეგულირდება. პროცესი დროში გაჭიმულია და არ მგონია ფასებზე აისახოს. ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ იმპორტიორებზე და ამ დროისთვის უნდა გავითვალისწინოთ რა სიტუაციაში არიან ჩვენი მწარმოებლები, რა თანხები უჯდებათ ახალ სტანდარტზე გადასვლა და ა.შ.“, - ამბობს ის.