მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რეფერენტული ფასების მეთოდოლოგიის შეცვლაზე ვმუშაობთ”- რა რისკებზე საუბრობს ბიზნესი?

მედიკამენტები

მას შემდეგ რაც ფასების რეგულირების მექანიზმი, ე.წ რეფერენტული ფასწარმოქმნა ამოქმედდა გაჩნდა რისკები რომ ბაზარზე მაღალი ხარისხის, ევროპული წარმოების მედიკამენტების დეფიციტი შეიქმნებოდა. ფარმაცევტული ასოციაციის ინფორმაციით, მინიმუმ 1200 მედიკამენტი არის მწვავე დეფიციტში და არსებობს წამლები, რომლებიც ამ მოცემულობით მარაგების ამოწურვის შემდეგ ბაზარზე ვეღარ შემოვა.

დარგობრივი ასოციაციები აღნიშნულ რისკებზე დღესაც საუბრობენ და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ არსებულ მეთოდოლოგიაში ცვლილებები არ შევა, ევროპული წარმოების მაღალხარისხიანი მედიკამენტები დაბალხარისხიანი პროდუქციით ჩანაცვლდება.

ფასების რეგულირების მექანიზმის გაფართოებასთან ერთად ბაზარზე არსებული რისკები კიდევ უფრო გაიზრდება - ამის შესახებ ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან გოგიბერიძე აცხადებს. მისი თქმით, სექტორს ინფორმაციის ნაკლებობის გამო პროცესების გადაწყობა უჭირს, რაც საბოლოოდ ჯამში მომხმარებელს აზარალებს.

“თუ სამინისტროსა და დისტრიბუტორებს შორის კომუნიკაცია უფრო აქტიური იქნება, დისტრიბუტორებს მწარმოებლებთან მოლაპარაკებების საშუალება ექნებათ, რომ იქნებ იქაც მოხდეს ფასების ცვლილებების მიმართულებით რეგულირება და მათაც მაქსიმალურად შეგვიწყონ ხელი იმაში, რომ ევროპული წარმოების მედიკამენტები ჩვენი ბაზრიდან არ გაქრეს.

ამას დრო სჭირდება. დრო არ არის, იმიტომ რომ რეფერენტული ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების სია ყოველ სამ თვეში ახლდება. ახალ წლამდე გვაქვს ინფორმაცია, რომ 7000 დასახელებაზე უნდა გავრცელდეს. როდესაც არ იცის სექტორმა, რომელ დასახელებაზეა საუბარი გვიჭირს შემდგომი ოპერირების გაგრძელება, დაგეგმვა საქმიანობის და ეს რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ისევ და ისევ პაციენტების მოთხოვნებზე”, - აცხადებს ლევან გოგიბერიძე.

დარგობრივი ასოციაციები ფასების რეგულირების მექანიზმის მეთოდოლოგიის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ. ფარცევტთა კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით სამინისტროსთან მიმდინარეობს მუშაობა დაზღვევის მექანიზმზე, რათა ბაზარზე არსებული რისკები კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს და საბოლოოდ ბაზარზე ევროპული წარმოების მედიკამენტები დაბალხარისხიანმა პროდუქციამ არ ჩაანაცვლოს, რაც პირველ რიგში მომხმარებელს დააზარალებს.

“საუბარი არაა იმაზე, რომ ჩვენ იმპორტირებული მედიკამენტების ნაკადი და ქვეყანაში არსებული მოცულობა უნდა შევინარჩუნოთ და მასზე ფასებმა ნაგატიური გავლენა არ უნდა მოახდინონ. ვმუშაობთ, რომ მეთოდოლოგიაში დაემატოს დამატებითი პუნქტები, რომელთა მიხედვით რეფერენტულ ფასებში მედიკამენტი, არ მოხდეს ისე რომ ის ჩაანაცვლოს უფრო დაბალი ხარისხის მედიკამენტმა. ეს არის სწორედ გადაზღვევის მექანიზმი, რათა პრობლემა დეფიციტის შექმნამდე მოგვარდეს.

ამ ეტაპზე ამ მექანიზმის ერთობლივად შემუშავებას ვცდილობთ. ერთი რაც მინდა აღვნიშნო, ის არის, რომ ხანდახან დამატებით გადაზღვევის მექანიზმად პარალელური იმპორტი, იყო თურქეთის გახსნაზე საუბარი, ამას პოზიტიური ცვლილებები ჰქონდა, მაგრამ ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ეს პირდაპირ მოწოდებას ვერასოდეს ჩაანაცვლებს, რადგან პირდაპირი მოწოდება ის არის, რაც იგეგმება წლების განმავლობაში და განკუთვნილია საქართველოს მოსახლეობისთვის”, - ამბობს ირაკლი მარგველაშვილი.

როგორც ცნობილია, მიმდინარე თვის დასაწყისში წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 3 200 -ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. როგორც დარგობრივი ასოციაციები ამბობენ, მედიკამენტების ჩამონათვალი წლის ბოლომდე გაიზრდება და ფასების რეგულირების მექანიზმი ჯამში 7000-მდე დასახელების მედიკამენტზე გავრცელდება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები