მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წამლებზე დადგენილი რეფერენტული ფასების არასწორი კალკულაციები დაკორექტირდა" - ასოციაცია

ირაკლი მარგველაშვილი

"რეფერენტული ფასის დათვლის ფორმულის გადახედვაზე საუბარი არ არის" - ამის შესახებ BM.GE-თან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, არადა ბიზნესი შესაბამისი ფასწარმოქმნის ამოქმედების შემდეგ ამ მიმართულებით ცვლილებებს ითხოვს, რადგან პრაქტიკაში გამოჩნდა, რომ არსებული მეთოდოლოგიით შედგენილი ფასების გამო, ბაზარზე კონკრეტული მედიკამენტების დეფიციტი წარმოიქმნა და მიწოდების ჯაჭვები დაირღვა.

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული გუნდის სტრატეგიას იწონებს და ნაცვლად სწრაფი გადაწყვეტილებისა, პრობლემებზე დარგის წარმომადგენლებთან მსჯელობის პრაქტიკას დადებითად აფასებს. ირაკლი მარგველაშვილის თქმით, არსებული მეთოდოლოგიის ცვლილებაზე საუბარი დღის წესრიგში კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ მოხდება.

“მთავარი პრობლემა იყო იმპლემენტაციაში, სწრაფად მიმდინარეობდა პროცესი, იმდენად სწრაფად რომ დაგროვებული პრობლემების ანალიზის საფუძველზე პრობლემების მოგვარება ვერ ესწრებოდა. ეს იყო კერძო სექტორის მთავარი მოთხოვნა, რატომ ხდება ასე სწრაფად, რატომ არ არის გაწერილი სტრატეგიული გეგმა და ა.შ. ეს ქმნიდა ძალიან ბევრ პრობლემას, რამაც ზოგიერთი მედიკამენტის დეფიციტამდე მიგვიყვანა და ამ მიმართულებით რისკი იზრდებოდა.

რა ხდება დღეს? ახალი მინისტრის პირობებში შეიცვალა ტემპი. რეფერენტული ფასების გაფართოება მედიკამენტებზე ბოლოს მოხდა დეკემბერში, ამ სიაში დაახლოებით 7000-მდე დასახელების მედიკამენტია, რომლის ფასი რეგულირდება. მას შემდეგ სია არ გაზრდილა და უბრალოდ ეს პერიოდი მოხმარდა იმას, რომ დაგროვებული პრობლემები განხილულიყო. ძალიან ბევრი აპელაცია კერძო სექტორის მხრიდან, რაც ეხებოდა წამლებზე დადგენილი ფასების არასწორ კალკულაციას, დაკმაყოფილდა ისე, რომ მედიკამენტები ბაზარზე შენარჩუნდა და ეს ძალიან პოზიტიურად მიგვაჩნია. იქამდე ეს არ იყო გათვალისწინებული. რეფერენტული მედიკამენტების სია გაფართოვდება გაცილებით ნელა, გონივრულად.

ჩვენ ვსაუბრობდით, მეთოდოლოგიის ხარვეზებზე და გვითხრეს, რომ მათი გადახედვა მოხდება.”-ამბობს ირაკლი მარგველაშვილი.

ცნობისთვის, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის რეფორმა, რომელიც წამლების ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებას გულისხმობს, 2023 წლის 15 თებერვლიდან ამოქმედდა და ერთ წელში 7 ათასზე მეტ მედიკამენტზე გავრცელდა. ჯანდაცვის სამინისტროში რეფორმა მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად დაიწყეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები