"არსებული სისტემის დახვეწა შესაძლებელია და წინადადებები არაერთხელ წარვადგინეთ" , - ამის შესახებ :"საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ირაკლი მარგველაშვილმა რეფერენტული ფასების სისტემაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, არსებული სისტემის დახვეწა შესაძლებელია.
"არ შეიძლება, რეფერენტული ფასები ყველა მედიკამენტს ეხებოდეს. რადიკალური ნაბიჯები არამც და არამც, არამედ არსებული სისტემის დახვეწაა შესაძლებელი. წინადადებები არაერთხელ წარვადგინეთ და გავაჟღერეთ. იმედია, გაჟღერებულ წინადადებებს ახალი ხელმძღვანელი ყურადღებას მიაქცევს", - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.
როგორც ირაკლი მარგველაშვილი აღნიშნავს, რეფორმის ფარგლებში მთავარი პრობლემა რეგულაციების მოკლე ვადაში შესრულება და მისკომუნიკაცია იყო.
"მედიკამენტების ნაწილზე ძალაში შევიდა ახალი ფასები, რომელთა გადახედვის პროცესი დეკემბრის ბოლოსა მიდიოდა. მოკლე ვადაში მიმდინარეობა გადახედვა, ბევრი ხარვეზით და ამან შექმნა სიტუაცია, რომ მედიკამენტების დიდი ნაწილის მოწოდების შეწყვეტის რისკი გაჩნდა. ახლა სამინისტრო ისევ დაუბრუნდა გადახედვის პროცესს, რადგან მიხვდა, რომ მოკლე ვადაში იყო გადახედილი. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ მხოლოდ მწარმოებლების და დისტრიბუტორების მოთხოვნები გაითვალისწინოს, ერთადერთი მოთხოვნა არის, რომ რეფერენტული სისტემა სწორად და ადეკვატურად იყოს განხილული", - განაცხადა მარგველაშვილმა.