ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გასაჩივრების შემდეგ რამდენიმე მედიკამენტზე რეფერენტული ფასი გადაიხედა.
BM.GE-იმ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, თუ შედგა შეხვედრა რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით ფარმაცევტულ სექტორთან და იგეგმება თუ არა ფასის დათვლის სქემის გადახედვა.
„რეფერენტული ფასების დადგენაც არის მიმდინარე პროცესი. დადგენილებით განსაზღვრულია რამდენიმე ეტაპი. დადგინდა რეფერენტული ფასი, გასაჩივრების საშუალება აქვს იმპორტიორ კომპანიას, შემდეგ დისტრიბუტორს და უკვე გადახედვის შემდეგ ზუსტდება ფასი. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა საჩივრის შესაბამისად გადაიხედა ფასი. ესეც არის მიმდინარე პროცესი. ახლა უკვე 7000-ზე მეტი პროდუქტისთვის არის დადგენილი რეფერენტული ფასი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მექანიზმი შენარჩუნდეს, რადგან ნამდვილად იძლევა შედეგს მოსახლეობისთვის ჯიბიდან გადახდების პროცესში, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფო დანახარჯებზე“, - თქვა გაბუნიამ.
მისი განმარტებით, ფასის დათვლის ფორმულის გადახედვაზე საუბარი არ არის, თუმცა პროცესი ცოცხალია და თუ იქნება რეკომენდაცია, ან სამინისტრო საჭიროებას დაინახავს, ესეც არ არის პრობლემა.
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის რეფორმა, რომელიც წამლების ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებას გულისხმობს, 2023 წლის 15 თებერვლიდან ამოქმედდა და ერთ წელიწადში რეგულაცია 6 ათასზე მეტ მედიკამენტს შეეხო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რეფორმის მიზანი მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.