მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ წამლის დეფიციტი არ შეიქმნას? - თამარ გაბუნიას განმარტება

წამლები აფთიაქი

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გაფართოვდა იმ მედიკამენტების ნუსხა, რომელზეც ფასების რეგულირების მექანიზმი, ე.წ რეფერენტული ფასთწარმოქმნა ვრცელდება.

სახელმწიფომ ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტების რეალიზაციის მაქსიმალური ზღვარი 2023 წლის იანვრიდან დაუწესა. დღეის მდგომარეობით რეფერენტული ფასები 3200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე მოქმედებს.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის შეფასებით, არსებული მეთოდოლოგია ხარვეზიანია, ბაზარზე ასეულობით წამალი მწვავე დეფიციტშია, ევროპულ და ამერიკულ მედიკამენტებს კი ბაზარზე აზიური წარმოების სამკურნალო საშუალებები ანაცვლებს.

„რეფორმის მეთოდოლოგია, რომელიც არის ამ რეფორმის მთავარი ხერხემალი, ვერ ასახავს ბაზრის რეალურ გამოწვევებს. ფასების გამოთვლისას მაქსიმუმ [მედიკამენტების ] 50% ჯდება იმ ფორმულის მონაცემებში, რა ფორმულაც აქვს სამინისტროს შემუშავებული, დანარჩენ მედიკამენტებზე ფასების გამოთვლა ხდება სუბიექტური მიდგომებით, დაშვებების ფაქტორებით. შესაძლებელია რა თქმა უნდა იყოს გამონაკლისები გამოთვლისას, მაგრამ ის არ უნდა აღემატებოდეს 8-15%-იან ცდომილებას. როცა მედიკამენტების ნახევარი შენ გამოგყავს სუბიექტური მიდგომით და გამოგყავს დაშვებების საფუძველზე, ეს მეტყველებს, რომ ეს ფორმულა არ არის სწორი და არ ასახავს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას.

წარმატებულად ვერ ჩავთვლით რეფორმას, როცა ევროპული, ბრიტანული, ამერიკული მედიკამენტების წილი ძალიან შემცირდება აზიური მედიკამენტების წილის თანაფარდობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მე პირადად ვთვლი, რომ არ უნდა იყოს აზიური მედიკამენტების წილის დომინანტობა ბაზარზე, ვინაიდან ეს გამოწვევა აბსოლუტურად არ აქვს ევროპულ, ბრიტანულ თუ სხვა განვითარებულ ბაზრებს. ამ გადმოსახედიდან საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ ანალიზი გავაკეთოთ, რომ ეს რეფორმა ასე წარმატებულად არ შეიძლება ჩაითვალოს“,- განაცხადა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონა კოკიაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მინიმუმ 1200 მედიკამენტი არის მწვავე დეფიციტში და არსებობს წამლები, რომლებიც ამ მოცემულობით მარაგების ამოწურვის შემდეგ ბაზარზე ვეღარ შემოვა.

განსხვავებული პოზიცია აქვს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს. თამარ გაბუნია bm.ge-სთან ირწმუნება, რომ რეფერენტული ფასთწარმოქმნის გამო ბაზარზე წამლის დეფიციტი არ შექმნილა.

„არის მედიკამენტი, რომელიც შეიძლება ბაზარზე არ იყოს რაღაც პერიოდი, მაგრამ საერთოდ არ უკავშირდებოდეს რეფერენტული ფასთწარმოქმნის მექანიზმს. არის ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც არც შესულა რეფერენტულ სქემაში, მაგრამ შესაძლებელია რაღაც ეტაპზე გაჭირდეს მასზე ხელმისაწვდომობა, ესეც არის ჩვეულებრივი საბაზრო ტენდენციები.

იმისთვის, რომ რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით დეფიციტი არ აღმოცენდეს, სამინისტროს დამატებით აქვს კიდევ შექმნილი კომისია, რომელიც როგორც იმპორტიორების, ისე თავად მწარმოებლების ინდივიდუალურ საჩივრებს განიხილავს და ჩვენ ვცდილობთ ინდივიდუალურ დონეზე დაწესდეს ის რეალისტური ფასი, რომელიც ქვეყანაში ხელს შეუწყობს მედიკამენტებზე უწყვეტ ხელმისაწვდომობას.

- ფასთწარმოქმნის გამო წამლების დეფიციტი არ შექმნილა?

- არა. ამაზე ძალიან აქტიურად მიდის თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში განხილვა, მსჯელობა და ფასის შემდეგ კორექტირება, თუკი არსებობს საკმარისი და მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ფასი იყოს განსხვავებული და არა ის, რაც საწყისი მეთოდოლოგიით დადგინდა“,-განმარტავს თამარ გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები