მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტების ფასების რეგულირების ეფექტი - ინტერვიუ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ნებართვების გარეშე  და სანებართვო პირობების დარღვევით მოქმედი აფთიაქების გამოვლენის მიზნით. მიმდინარე წლის ივნისს-აგვისტოს პერიოდში, თბილისის, სამეგრელოს, შიდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ მოსახლეობის მიერ მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდები 45%-ით შემცირდა. სახელმწიფომ ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტების რეალიზაციის მაქსიმალური ზღვარი 2023 წლის იანვრიდან დაუწესა.

ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმის მიმდინარეობით კმაყოფილია. ამის მთავარი საზომი მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობაა.

ბიზნესისთვის ეს რეფორმა წარმატებულად ვერ ჩაითვლება რამდენიმე არგუმენტის გამო. მთავარი, რაზეც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია საუბრობს, მეთოდოლოგიაში არსებული ხარვეზი და არასწორად გამოყვანილი რეფერენტული ფასია. მათი შეფასებით, მედიკამენტების ფასების რეგულირების შედეგია მწვავე დეფიციტის რისკი და მოცემულობა, როცა ევროპულ, ბრიტანულ და ამერიკულ მედიკამენტებს ბაზარზე აზიური წარმოების სამკურნალო საშუალებები ანაცვლებს.

- რა შედეგი მოიტანა ფარმაცევტულ ბაზარზე წამლებზე ფასების ხელოვნურმა რეგულირებამ? რეფორმის 10 თვის შედეგები როგორ ფასდება ბიზნესის გადმოსახედიდან?

- რეფორმის მეთოდოლოგია, რომელიც არის ამ რეფორმის მთავარი ხერხემალი, ვერ ასახავს ბაზრის რეალურ გამოწვევებს. ფასების გამოთვლისას მაქსიმუმ [მედიკამენტების ] 50% ჯდება იმ ფორმულის მონაცემებში, რა ფორმულაც აქვს სამინისტროს შემუშავებული, დანარჩენ მედიკამენტებზე ფასების გამოთვლა ხდება სუბიექტური მიდგომებით, დაშვებების ფაქტორებით. შესაძლებელია რა თქმა უნდა იყოს გამონაკლისები გამოთვლისას, მაგრამ ის არ უნდა აღემატებოდეს 8-15%-იან ცდომილებას. როცა მედიკამენტების ნახევარი შენ გამოგყავს სუბიექტური მიდგომით და გამოგყავს დაშვებების საფუძველზე, ეს მეტყველებს, რომ ეს ფორმულა არ არის სწორი და არ ასახავს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას.

რეფორმა ვერ ჩაითვლება წარმატებულად, თუ მან შექმნა მედიკამენტების მწვავე დეფიციტის რისკები. ამ რეფორმას ისედაც ახლავს ეს რისკფაქტორი, მაგალითად ბულგარეთის რისკი დეფიციტზე და საქართველოში, იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში დეფიციტის რისკი აბსოლუტურად სხვა წონით კატეგორიაში განიხილება. იქ თუ ადგილობრივი წარმოების ხარჯზე შესაძლებელია ამ რისკის გათვლა და დაბალანსება, საქართველოს ბაზარზე ამის გაკეთება შეუძლებელია.

წარმატებულად ვერ ჩავთვლით რეფორმას, როცა ევროპული, ბრიტანული, ამერიკული მედიკამენტების წილი ძალიან შემცირდება აზიური მედიკამენტების წილის თანაფარდობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მე პირადად ვთვლი, რომ არ უნდა იყოს აზიური მედიკამენტების წილის დომინანტობა ბაზარზე, ვინაიდან ეს გამოწვევა აბსოლუტურად არ აქვს ევროპულ, ბრიტანულ თუ სხვა განვითარებულ ბაზრებს. ამ გადმოსახედიდან საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ ანალიზი გავაკეთოთ, რომ ეს რეფორმა ასე წარმატებულად არ შეიძლება ჩაითვალოს.

რეგულაცია უნდა არსებობდეს ქვეყანაში, მაგრამ ეს უნდა ვრცელდებოდეს სწორედაც იმ პროგრამებზე, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს.

- არასწორად გამოთვლილი რეფერენტული ფასების გათვალისწინებით, არსებობს თუ არა მედიკამენტების მწვავე დეფიციტი ბაზარზე?

- მაქვს ინფორმაცია კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომელიც ვერ შემოვა ამ მოცემულობით, თუ რამე სიახლეები არ იქნა მიღწეული მომწოდებლებთან. დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს მედიკამენტები ჯერ კიდევ ცირკულირებენ ბაზარზე, იმის დამსახურებით, რა მარაგებიც შექმნეს კომპანიებმა ამ გარემოებისთვის.

ამ ეტაპზე მინიმუმ 1200 მედიკამენტი არის მწვავე დეფიციტში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მედიკამენტები ბაზარზე არის, მაგრამ ქსელებს არ აქვთ ის რაოდენობა, რომ ისინი გაავრცელონ სხვა სააფთიაქო დაწესებულებებში.

იმედს ვიტოვებ, არ მოხდება გაჯიუტებული პოზიციის დაკავება და ჩვენ შევძლებთ მეთოდოლოგიაზე მსჯელობას, რომელიც მორგებული იქნება ჩვენს ბაზარზე.

რეფორმა წარმატებულია, როცა გაქვს სწორი მეთოდოლოგია ქვეყანაში, როცა გაქვს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, გაქვს ხელმისაწვდომობა ყველა სახის მედიკამენტზე და პაციენტისთვის სასურველ მედიკამენტებზე. როცა აქ შეზღუდვები წესდება, ეს იწვევს დისკომფორტს პირველი პაციენტში. რა თქმა უნდა ფარმაცევტული სექტორი უნდა მოერგოს ამ რეალობას, ბაზარი არ დარჩება წამლის გარეშე, მაგრამ საკითხავია რის ხარჯზე მოხდება ეს ყველაფერი.

- საქართველოსგან განსხვავებით შერჩეულ რეფერენტულ ქვეყნებშიც კი რეფერენტული ფასის წარმოქმნას წინ უსწრებს სახელმწიფოს მიერ თითოეული მედიკამენტისთვის სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსებით განსაზღვრული თანხა. ყველა ქვეყანაში, სადაც რეფერენტული ფასი მოქმედებს, თანადაფინანსებულ თანხაზე მეტი ფასის მქონე მედიკამენტებიც იყიდება. ამასთან, მომხმარებელს უფლება აქვს თავად დაამატოს კონკრეტული ღირებულება თუ თანადაფინანსების თანხაზე ძვირიანი მედიკამენტის შეძენა სურს, რატომ აქვთ საქართველოს მოქალაქეებს ეს უფლება შეზღუდული?

-მომსპარია, შეზღუდული არ არის. მთავარი არის მეთოდოლოგია, აბსოლუტურად შესაძლებელია ისეთი მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, რომელიც ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. აუცილებელია სახელმწიფო რაღაც დოზით მონაწილეობდეს, სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით, დაშენებული პაკეტებით სახელმწიფო+სადაზღვევო, არსებობს ასეთი მოდელები, ამ დროს რეფერენტული ფასებით მოცემული მედიკამენტები აუცილებლად იმ ზღვრის ფარგლებში ფინანსდება, იმ პროცენტულ განაკვეთში, რასაც დააწესებენ, იმის ზემოთ უკვე პაციენტის გადასაწყვეტია, მისთვის სასურველ რომელ მედიკამენტს შეიძენს, ჩვენ ამის უფლება გავუქრეთ პაციენტებს.

ვისურვებდი არ იყოს გაშეშებული პოზიცია ამ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. უნდა დავსხდეთ, ხარისხთან, დეფიციტთან დაკავშირებით ისე უნდა დალაგდეს ეს მეთოდოლოგია, რომ ასახავდეს ბაზრის რეალურ გარემოებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები