პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში დღეს მეორე მოსმენით განიხილეს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ძვირად ღირებული, ინოვაციური მედიკამენტების მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შესყიდვას გულისხმობს. ამ შემთხვევაში მართული შესვლის მექანიზმი იქნება გამოყენებული, რაც თავისი არსით ნიშნავს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება კონფიდენციალური იქნება.
ფარმაცევტული სექტორი რისკებს ძირითადად ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან მომწოდებელთან არაინოვაციური მედიკამენტების სპეციალური პირობით შესყიდვის შემთხვევაში ხედავს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათის მიხედვით, „მართული შესვლის შეთანხმების ხელშეკრულების პრინციპიდან გამომდინარე, ინოვაციურ მედიკამენტებთან ერთად შესაძლებელია იმავე კომპანიის წარმოებული არაინოვაციური მედიკამენტების შესყიდვაც“.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ „და სხვა ფარმაცევტულ პროდუქტთან“ დაკავშირებით რაზე მიდის საუბარი, რისი შეძენაა შესაძლებელი, რომ არ მოხდეს ისე, რომ ფარმაცევტული ბაზარი იყოს გაჯერებული ამ პროდუქტით ან მეორე შემთხვევაში მწარმოებელმა უარი თქვას "სხვა ფარმაცევტული პროდუქტის“ შემოტანაზე და 2-3 წლის შემდეგ, როცა შეწყვეტს ხელშეკრულებას ამ ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელთან, არ აღმოჩნდეს ისე, რომ ფარმაცევტული პროდუქტის დეფიციტი შეიქმნას“,-განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის იურისტმა გიორგი აბაშიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კი ირწმუნება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი მხოლოდ ინოვაციური მედიკამენტების სპეციალური რეჟიმით შესყიდვას ეხება და სხვა მედიკამენტები სხვა განხილვის თემაა.
„ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში, ეხება ე.წ მართულ შეთანხმებას ბაზარზე და ვრცელდება მხოლოდ ინოვაციურ მედიკამენტებზე. ეს არის მედიკამენტი, რომელიც არის დაცული პატენტით, არის ექსკლუზიური მწარმოებლის მიერ წარმოებული და ერთადერთი მედიკამენტია იმ კონკრეტული მომენტისთვის. სხვა მედიკამენტის შესყიდვა ცენტრალიზებული გზით, შესყიდვების მოქმედი კანონის ფარგლებში სამინისტროს დღესაც შეუძლია და ამას ახორციელებს, მაგრამ ინოვაციურ მედიკამენტებთან მიმართებით ასეთი მექანიზმი აქამდე არ ყოფილა. მწარმოებელი შესაძლოა ითხოვდეს კონფიდენციალურობის დაცვას, შესაბამისად პირდაპირი მოლაპარაკების სიმარტივისთვის საჭიროა, რომ საკანონმდებლო დონეზე მოქმედებდეს ეს მექანიზმი.
მეორე მოსმენაზე კანონი, წარმოდგენილ იქნა იგივე რედაქციით. სხვა მედიკამენტზე ეს ცვლილება არ ვრცელდება, სხვა მედიკამენტი არის სხვა დისკუსიის თემა. ვიმეორებ, რომ ეს ცვლილება სხვა მედიკამენტებზე არ ვრცელდება“,-განმარტავს bm.ge-სთან თამარ გაბუნია.