მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მართული შესვლის შეთანხმების მექანიზმი - რას გულისხმობს წამლის კანონში დაგეგმილი ცვლილებები?

ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს უსმენდნენ. თამარ გაბუნიამ დეპუტატებს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონების პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით სახელმწიფო მართული შესვლის შეთანხმების მექანიზმით ინოვაციური მედიკამენტების შეძენას მწარმოებელთა პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს.

თამარ გაბუნია განმარტავს, რომ აღნიშნული მექანიზმი სხვადასხვა ქვეყანაში გამოცდილია და ის ბაზარზე ორიგინალური, ახალი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმასაც განმარტავს, რომ პირდაპირი მოლაპარაკებით სახელმწიფო სხვა მედიკამენტებზე ფასდათმობის მოთხოვნის შესაძლებლობა ექნება.

„მართული შესვლის შეთანხმება ინოვაციური, ორიგინალური, ახალი ფარმაცევტული პროდუქტისთვის შესყიდვის სპეციალური მექანიზმია, რაც შემსყიდველს საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკება სპეციალური შესყიდვის საფუძველზე, რაც საშუალებას იძლევა, რომ შემცირდეს ინოვაციურ მედიკამენტებთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე ქვეყანაში ინოვაციურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს და კონტრაქტის მართვის უკეთესი შესაძლებლობა გვქონდეს.

ეს მექანიზმი მსოფლიოში აპრობირებულია - ევროკავშირის ბევრი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები, მედიქეარი და მედიქეიდის პროგრამების ფარგლებში იყენებს ამ მექანიზმს. მსგავსი ტიპის რამდენიმე ათეული კონტრაქტი არსებობს, რაც შემსყიდველს იმის საშუალებას აძლევს, რომ პატენტის მქონე მწარმოებელთან ორიგინალურ მედიკამენტზე აწარმოოს მოლაპარაკება, გაითვალისწინოს მოლაპარაკების პროცესში ფასდათმობის საკითხი და გაითვალისწინოს კლინიკურ გამოსავლებთან დაკავშირებული შეთანხმება. არსებობს კონტრაქტები, სადაც გათვალისწინებულია პირობა, რომ თუ არ მოხდება კონკრეტული კლინიკური გამოსავლების მიღწევა, ამ შემთხვევაში მწარმოებელს გარკვეული თანხის უკან დაბრუნება შეიძლება მოუხდეს. ეს ზრდის მოლაპარაკების პირობებში შემსყიდველის შესაძლებლობას, რომ სხვა მედიკამენტებზე მოითხოვოს ფასდათმობა და ესეც არის ამ მექანიზმის არაპირდაპირი პოზიტიური ეფექტია, რომელიც ძვირად ღირებული მედიკამენტების ქვეყანაში დანერგვის შესაძლებლობას იძლევა“, - განმარტავს გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებებსაც მოითხოვს, რადგან მექანიზმი მწარმოებელთა პირდაპირი შეთანხმების კონფიდენციალურობას ითვალისწინებს, რაც დღის წესრიგში გამჭვირვალობის საკითხს აყენებს. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონი კი ამგვარ დათმობებს არ ითვალისწინებს. 

„ის, რომ საქართველოში ინოვაციური ერთი ექსკლუზიური მწარმოებლის მიერ ნაწარმოები მედიკამენტების შესყიდვა იქნეს მართული შესვლის შეთანხმების პრინციპით ეს გათვალისწინებულია, ასევე მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტში, როგორც ერთ-ერთი სასურველი შედეგი და ინდიკატორი იმგვარია რომ ინოვაციურ მედიკამენტებზე გაფორმებული შეთანხმებების 50% იყოს მართული შესვლის შეთანხმების პრინციპით წარმოდგენილი.

იმისთვის, რომ ეს მექანიზმი ამოქმედდეს, საჭიროა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებები, რადგან მართული შესვლის ერთ-ერთი პრინციპი  მექანიზმი კონფიდენციალურობაა. მწარმოებელი არ არის თანახმა იმაზე, რომ მის მიერ რომელიმე კონკრეტული ქვეყნისთვის შემოთავაზებული პირობები და ფასი, სხვა ქვეყნებისთვის გახდეს საჯარო. ერთ-ერთი ტიპური მახასიათებელი ამ შეთანხმების არის კონფიდენციალურობაა, რაც გარკვეულწილად გამჭვირვალობასთან არსებულ საკითხებს აღძრავს, თუმცა ამ ნაწილს ბევრი ქვეყანა თმობს, რომ ძვირად ღირებული წამლები ხელმისაწვდომი იყოს მისაღები ფასით და გამონაკლისის პრინციპით განიხილავს ამ შეთანხმებას. ჩვენს ქვეყანაში შესყიდვების შესახებ კანონი ამ დათმობას არ ითვალისწინებს, ამდენად შემოთავაზებულია ერთი დამატებითი პუნქტი, რომ მართული შესვლის შეთანხმებით ინოვაციური, ახალი, ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვაზე, სახელმწიფო შესყიდვების წესი არ გავრცელდეს და დადგენილი გამონაკლისებში დაემატოს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ კანონის პროექტების წარდგენისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები