რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტმა უცხოელებისათვის სუროგაციის ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული სერვისების ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, დღეს გამართულ კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს.
დეპუტატებისა და დარგის წარმომადგენლების კითხვები მათ შორის უცხოელებისათვის სუროგაციის ამკრძალავი საკანონმდებლო ცვლილებებით ქვეყნის ეკონომიკისთვის მიღებულ შედეგებს შეეხებოდა. ადამიანის რეპროდუქციის და ემბრიოლოგიის ასოციაციის რეგისტრირებულ ლობისტმა ზვიად კორძაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ჰკითხა რატომ გამორჩათ იმ შემოსავლების კლება, რომელიც ბიუჯეტს უცხოელებისთვის სუროგაციის აკრძალვა მოუტანს. კორძაძის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკა 300 მილიონ ლარს დაკარგავს.
თამარ გაბუნიამ ამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ფინანსური დანაკლისის საკითხზე უწყებაში მსჯელობა ჰქონდათ და რისკები ფინანსურ დანაკარგებს აღემატება.
“რისკი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქემ სუროგაციისთვის მიგრაციის გადაწყვეტილება მიიღოს - არსებობს. კანონპროექტი ამასთან დაკავშირებით აკრძალვას ვერ გააკეთებს. ეს არის მოქალაქის არჩევანი და სურვილი, რომ შემოსავლის მიღებისთვის ამ გზას მიმართოს. ჩვენი მიზანია, სუროგატის სტატუსი და კომპენსირების მექანიზმი სამართლიანი იყოს, არ იყოს ვინმეს კომერციული ინტერესები, რადგან ცნობილია, რომ შუამავალი მხარე ხშირად იღებს სოლიდურ წილს სუროგატის ანაზღაურებიდან.
რაც შეეხება ფინანსურ სეგმენტს, რომელსაც ქვეყანა დაკარგავს - ესეც იყო განხილვის თემა, თუმცა ამის საპირწონედ დადგა რისკები, რაც უკავშირდება ადამიანის ღირსების შელახვას სუროგაციის პროცესში, ადამიანური ტრეფიკინგის რისკებს, რისი ფაქტებიც არსებობს, რის გამოც ეს სფერო დაურეგულირებელი ვერ დარჩება. გვესმის, რომ გარკვეული დანაკარგი ქვეყნის ეკონომიკას ექნება, მაგრამ ეკონომიკა ვერ განვითარდება უსამართლო და ღირსების შემლახველი ბიზნესის ხარჯზე”, - აცხადებს თამარ გაბუნია.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმოებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში სუროგაციით 2021 წელს 308, 2022 წელს - 806, 2023 წელს კი 517 ბავშვი დაიბადა.