მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდექსი, რომლითაც პრემიერმა დღეს "თავი შეიქო" პროგრესის ნაცვლად ვითარების გაუარესებაზე მეტყველებს

6151a8f6ab94c
შოთა ტყეშელაშვილი
27.09.21 16:16
1676
მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს მმართველობითი ინდიკატორების (WGI) შესახებ ანგარიშს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით აფასებს ქვეყნებს. მათ შორისაა კანონის უზენაესობა, კორუფციის კონტროლი, მთავრობის ეფექტიანობა, ძალადობისგან თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება. ქვეყნები ამ კრიტერიუმებში 0-დან 100-მდე ქულით ფასდებიან.

ახალი კვლევის შედეგებით, საქართველოს პოზიცია არაერთ კრიტერიუმში გაუარესდა. კანონის უზენაესობის მხრივ, თუკი 2019 წელს ქვეყნის ქულა იყო 62.02, ის 2020 წელს 61.06-მდე შემცირდა. ასევე გაუარესებულია ქვეყნის შედეგი მთავრობის ეფექტიანობის მიმართულებით. 2019 წელს ამ კრიტერიუმში საქართველოს ქულა იყო 76.92, ახალი კვლევით ის 75.48-მდე შემცირდა.

ასევე გაუარესებულია საქართველოს ქულა კრიტერიუმში, რომელიც სიტყვის და სამოქალაქო თავისუფლებებს აფასებს. 2019 წელს საქართველოს ქულა 52.66 იყო, 2020 წელს კი ის 49.76-მდე შემცირდა. გაუარესებულია კორუფციის კონტროლის კრიტერიუმის შედეგი, სადაც საქართველოს ქულა 2019 წელს 75 იყო, ხოლო 2020 წელს კი ის 71.63-მდე გაუარესდა, შესაბამისად ყველაზე დიდი ვარდნა ქვეყანას სწორედ კორუფციის კონტროლის მიმართულებით ჰქონდა.

ამის მიუხედავად, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართულ ბრიფინგზე საუბარი სწორედ ამ კვლევით დაიწყო და განაცხადა, რომ კორუფციისგან თავისუფლების მხრივ საქართველო მოწინავე ქვეყნების რიგებშია. თუმცა “გამორჩა” ეთქვა, რომ წინა წელთან შედარებით ინდექსი ამ კრიტერიუმში მკვეთრ გაუარესებაზე მეტყველებს. ასევე “გამორჩა” ეთქვა, რომ გაუარესებულია საქართველოს შედეგები კანონის უზენაესობის, მთავრობის ეფექტიანობის, სიტყვის და სამოქალაქო თავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით.

ეს არის მსოფლიო ბანკის კვლევა, რომელიც შეეხება მსოფლიო მმართველობის შეფასებას და ინდიკატორებს, რომელიც ათეულობით კვლევითი ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაციების ანალიზს აჯამებს და მე მინდა ამის თაობაზე ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და წინსვლა აქვს. ამ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს „კორუფციის კონტროლის“ და ეფექტური მმართველობის მიხედვით, ევროპაში და მთელს მსოფლიოში წამყვანი და სანიმუშოდ კარგი პოზიციები აქვს.

უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანაში 45 -ე პოზიციაზე გავიდა. ხოლო მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19-ე ადგილზეა,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თუმცა, ნებისმიერის, ვინც მსოფლიო ბანკის WGI ინდექსს გახსნის, მარტივად შეუძლია ამოიკითხოს, რომ:

● კორუფციისგან თავისუფლების კრიტერიუმი - 2019 წელს საქართველო 75 ქულა, 2020 წელს 71.63 ქულა (გაუარესება);
● კანონის უზენაესობის კრიტერიუმი - 2019 წელს საქართველო 62.02 ქულა, 2020 წელს 61.06 ქულა (გაუარესება)
● მთავრობის ეფექტიანობის კრიტერიუმი - 2019 წელს საქართველო 76.92 ქულა, 2020 წელს 75.48 ქულა (გაუარესება)
● სიტყვის და სამოქალაქო თავისუფლება და ანგარიშვალდებულება - 2019 წელს საქართველო 52.66 ქულა, 2020 წელს 49.76 ქულა (გაუარესება)
● რეგულირების ხარისხი - 2019 წელს 82.69 ქულა, 2020 წელს 83.65 ქულა (გაუმჯობესება);
● პოლიტიკური სტაბილურობა, ძალადობისგან თავისუფლება - 2019 წელს 27.83 ქულა, 2020 წელს 30.66 ქულა (გაუმჯობესება).

სავარაუდოდ, პრემიერს ან მისთვის დღეს გაკეთებული განცხადების დამწერს ჰქონდა იმედი, რომ მედია უშუალოდ ამ კვლევის წაკითხვით “არ დაინტერესდებოდა”.