23.დეკემბერი .2020 13:09

ინდივიდუალური მიდგომა და არანაირი წესები - გახარიას სტრატეგია FDI-ს მოსაზიდად

ინდივიდუალური მიდგომა და არანაირი წესები - გახარიას სტრატეგია FDI-ს მოსაზიდად
views 928
უკან

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, მოგვიწევს საკმაოდ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა", - ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების” წინაშე სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. "რა უნდა შევთავაზოთ ინვესტორებს?" - ჰკითხა დავით სონღულაშილმა გიორგი გახარიას.  

მომავალი პრემიერი ირწმუნება, რომ თითოეულ ინვესტორთან ექნებათ ინდივიდუალური მიდგომა, რათა მათ საქართველოში ინვესტირებით თავი კომფორტულად იგრძნონ.

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, გლობალური კონკურენცია იმ დონის იქნება, რომ მხოლოდ Doing Business-ში კარგი პოზიციები, სხვადასხვა გამარტივებული პროცედურები, დაბალი კორუფციული რისკები და ა.შ. არ იქნება საკმარისი არც ერთ შემთხვევაში. ამიტომ აქ მოგვიწევს სწრაფი და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში, ეს იქნება ერთმნიშვნელოვნად ინდივიდუალური მიდგომა და აქ არ იქნება არანაირი წესები.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ინდივიდუალური მიდგომის თვალსაზრისით იყოს სრულად უზრუნველყოფილი, რათა ინვესტორებმა კომფორტულად იგრძნონ თავი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილის კითხვის მეორე ნაწილსაც უპასუხა და ის მიმართულებები დაასახელა, რომელიც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნება.

„დარგების ნაწილში ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიური დარგები; ასევე ლოგისტიკა და ყველაფერი, რაც გადაზიდვებთან არის დაკავშირებული, რათა ქვეყნის ლოგისტიკური ფუნქცია სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდეს; მივესალმებით სოფლის მეურნეობის, გადამუშავების დარგში ინვესტიციებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეულმა ინვესტორმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი“, - თქვა პრემიერობის კანდიდატმა.

ცნობისთვის: 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და მან $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში კი FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ინვესტიციების შემცირება ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში შეიმჩნევა, გარდა საფინანსო სექტორისა, რაც სავარაუდოდ, ბანკების მიერ წლის განმავლობაში მოზიდულ სესხებს უკავშირდება. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 37.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ აშშ დოლარით.