მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდური რუპია დოლართან რეკორდულად გაუფასურდა

630ddab317fa1
გიორგი თოლორდავა
30.08.22 14:22
1417
საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ინდური რუპიის ღირებულება რეკორდული ტემპით ეცემა - ერთწლიან ჭრილში, ინდოეთის ეროვნულის ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით თითქმის 10%-ით გაუფასურდა.

საგულისხმოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ერთი დოლარის სანაცვლოდ 74 რუპიის შეძენა იყო შესაძლებელი, ამჟამად კი კურსი 80.1 რუპიას აღწევს, რაც მოკლე პერიოდში ვალუტის გაუფასურების 8%-იანი, ხოლო ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია.

რუპიის გაუფასურება რამდენიმე გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, განსაკუთრებით ყურადსაღები კი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა.

როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი დაბალია, ეკონომიკური ვითარება კი არასტაბილურო.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია საგარეო ვაჭრობა - სავაჭრო დეფიციტის გაღრმავება ანუ იმპორტის ზრდა ექსპორტთან შედარებით, დამატებით ზრდის ზეწოლას ეროვნულ ვალუტაზე, რაც, თავის მხრივ, დოლართან მიმართებით რუპიის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას.

მოკლევადიან პერსპექტივაში, ინდოეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ჯექსონ ჰოულის ეკონომიკურ სიმპოზიუმთან, სადაც ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებმა გლობალურ მაკროეკონომიკურ მოლოდინებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. სიტყვით გამომსვლელთა შორის, ცხადია, იყო FED-ის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფლაციის დასაძლევად ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების სტრატეგიას გააგრძელებს, სექტემბერში კი ძირითადი განაკვეთი, სავარაუდოდ, დამატებით 75 საბაზო პუნქტით გაიზრდება.

საგულისხმოა, რომ FED-ის აგრესიული პოლიტიკა ხელს უწყობს ამერიკული დოლარის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მყარი და სტაბილური სარეზერვო ვალუტის ნარატივის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, იმაზეც აისახება, რომ დოლარის ინდექსი (DXY) ამჟამად რეკორდულ ნიშნულზეა, ანუ დოლარი უცხოური ვალუტების კალათასთან მიმართებით მკვეთრად მყარდება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული დოლარი არა მარტო რუპიასთან, არამედ ევროსთან იაპონურ იენთან და სხვა საერთაშორისო ვალუტებთან მიმართებითაც მყარდება.