მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორებისთვის ბინადრობის უფლების ჩამორთმევა უდიდესი პრობლემაა - ფადი ასლი

62a2f39335fb4
შოთა ტყეშელაშვილი
11.06.22 11:40
1231
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლიმ BMG-ისთან ინვესტორთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ ისაუბრა. ICC-იმ 7 ივნისს უარი თქვა ინვესტორთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე, რაც ამავე დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, საბჭოს მიერ ICC-ის მხრიდან დასმული საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას უკავშირდებოდა. საქმე უცხოელი ინვესტორებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებას შეეხება. ფადი ასლის განცხადებით, ICC ამ პრობლემის შესახებ წლებია საუბრობს, თუმცა სახელმწიფო არ რეაგირებს. მისი თქმით, კანონმდებლობით უცხოელებს ბინადრობის უფლების მიღება საქართველოში შესაბამისი თანხის დაბანდების შემდეგ შეუძლიათ, თუმცა პრაქტიკაში ეს პროცესი ძალიან რთულია და არის შემთხვევები, როდესაც ამ უფლების განმარტების გარეშე ჩამორთმევაც ხდება.

“ჩვენ ვითხოვეთ, რომ დღის წესრიგს დამატებოდა რეალური პრობლემა, რომელსაც ინვესტორები გამუდმებით აწყდებიან ჩვენს ქვეყანაში – ეს ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებული პრობლემებია: მაგალითად, შესაძლოა, ინვესტორმა უკვე დააბანდა კანონით გათვალისწინებული თანხა, მაგრამ ამის მიუხედავად, მასზე ბინადრობის უფლება მაინც არ გაიცემა, ან ზოგჯერ – პირიქით, ბინადრობის უფლების ჩამორთმევაც კი ხდება.

ეს ახალი პრობლემა არ არის, წლების განმავლობაში, ინვესტორები ამ პრობლემას აწყდებიან. ჩვენ ვითხოვეთ, ინვესტორთა საბჭოს განეხილა ეს საკითხი. საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებაც გვქონდა და ისინი დაგვთანხმდნენ, რომ პრემიერთან ერთად ეს განხილვა შედგებოდა. სამდივნოდან დაურეკეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანს და უთხრეს, რომ ალბათ მეტი ინფორმაციის მოგროვებაა აუცილებელი ამ მიმართულებით და შემდეგ უკვე მზად იქნებიან დისკუსიისთვის, თუმცა ეს ტყუილია, რადგან ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია, ვიცით, რაც ხდება – საბჭო უბრალოდ არ იყო მზად ამ დისკუსიისთვის. ამ საკითხზე დისკუსიის გადადება არ არის პირველი შემთხვევა", - BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა ფადი ასლმა.

ICC საქართველოს თავმჯდომარე ასევე საუბრობს თავად ინვესტორთა საბჭოზე და აღნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია ხშირად ბუტაფორიულ შეხვედრებს მართავს და კრიტიკული საკითხების განხილვას თავს არიდებს.

“საბჭოს მანდატი სრულიად გასაგებია. ყურადღება მახვილდება საინვესტიციო კლიმატისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ინვესტორთა საბჭო იმისთვისაა, რომ იხილავდეს იმ საკითხებს, რასაც გავლენა აქვს საინვესტიციო გარემოზე – იქნება ეს სტრატეგიული თემები, საკანონმდებლო, თუ სრულიად კონკრეტული. ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა ხოლმე გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს. მას შემდეგ, ინვესტორთა საბჭო ბიუროკრატიულ მექანიზმად იქცა – ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტად. ჩვენი მოლოდინი არ არის, რომ მხოლოდ მინისტრებს შევხვდეთ, ხელი ჩამოვართვათ და ძვირადღირებული ჰალსტუხებით და პიჯაკებით თავი მოვიწონოთ, ჩვენ იმიტომ უნდა ვიკრიბებოდეთ, რომ გადავჭრათ პრობლემები, რასაც ქვეყნის განვითარებაზე გავლენა აქვს და მჯერა, რომ ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები უკიდურესად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის უკიდურესად აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას უცხოელი ინვესტორების თვალში – აღარავის სურს, საქართველოსთან საქმის დაჭერა. საქართველო აღქმულია, როგორც ინვესტიციებისთვის არასანდო გარემო,” - აცხადებს ფადი ასლი.

ინვესტორთა საბჭო საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის სივრცეს წარმოადგენს. ის 2015 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პირველი ვადის დროს დაფუძნდა. მისი პირველი სხდომა 2015 წლის 29 ოქტომბერს გაიმართა. საბჭოს სხდომებს ესწრებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციების და მთავრობის წევრები. სხდომას პრემიერი ხელმძღვანელობს.

ორგანიზაცია შედარებით აქტიური გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს იყო, როდესაც წლიურად 4 შეხვედრა იმართებოდა, თუმცა მას შემდეგ შეხვედრების სიხშირე წელიწადში ორამდე შემცირდა.