20.თებერვალი .2021 15:00

„ინვესტორებისთვის შეღავათების გაკეთების რესურსი არ გვაქვს“ - მაჭავარიანი ლილუაშვილს

„ინვესტორებისთვის შეღავათების გაკეთების რესურსი არ გვაქვს“ - მაჭავარიანი ლილუაშვილს
views 449
უკან

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი დეპუტატ ბექა ლილუაშვილის ინიციატივას, ინვესტორების წახალისების აქტიური პოლიტიკის ფარგლებში საგადასახადო კუთხით შეღავათების დაწესების შესახებ პასუხობს და ამბობს, რომ სახელმწიფოს ამის რესურსი არ აქვს.

„ინვესტორებისთვის შეღავათების გაკეთების რესურსი არ გვაქვს, თუ არ გავაჩერეთ რომელიმე დიდი პროექტი“, - აცხადებს ივანე მაჭავარიანი პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარგდენის შემდეგ დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ.

ის ამბობს, რომ მხარდაჭერის პაკეტებს არასდროს არ მოაქვს ის შედეგები, რისთვისაც ისინი კეთდება, ამიტომ მნიშვნელოვანი არა ცალკეული პროგრამების ამოქმედება, არამედ სტაბილური გარემოს შექმნაა.

„თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება შეღავათების მიმართ, ეს არ არის იდეაფიქსი ან ფინანსთა სამინისტროდან ან შემოსავლების სამსახურიდან ვიწროდ დანახული, ეს მაკროეკონომიკური ანალიზის შედეგად მიღებული ჩამოყალიბებულია აზრია, რომ სამწუხაროდ შეღავათების უმეტესობა - 99% არ ემსახურება იმ გაცხადებულ მიზანს, რის გამოც ის შემოიღეს. ეს მიზანი ორბუნებოვანია, ერთი სოციალურად სენსიტიურია, მეორე ამბობს, რომ ეკონომიკურად სტრატეგიული და მნიშვნელოვანია, წაეხმარება ექსპორტს... არ ემსახურება. რიგ შემთხვევაში პირიქით ხდება, ამიტომაა, რომ მოვუხშირეთ ჩვენ საუბარი, რომ შეღავათებზე ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ რომ ისეთ დარგებზე, სადაც შეღავათებია პრაქტიკულად „ბუსტი“ იმდენად არ მიუცია, ბენეფიციარი კონცენტრირებულია, იმ სოციალურ მიზანს არ ემსახურება და აბსოლუტურად სხვა სფეროები ვითარდება, ისე რომ გაგიკვირდება“, - განმარტავს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი.

ვანო მაჭაბარიანი მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ბაქანს ადარებს, სადაც ნაპრალების არსებობის შემთხვევაში აშენებული მიმზიდველი სახლი შეიძლება ჩამოინგრეს.

„ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკურად სტაბილური ფუნდამენტია. ეს ყველაზე კარგი პირობაა საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად. ეს თუ სტაბილური არ არის, რაც არ უნდა ლამაზი პროგრამები შევქმნათ, გავაკეთოთ დაბრუნების მექანიზმი, იცით ეს ლამაზად ჩანს, მაგრამ ბაქანზე ტექტონიკური სტაბილურობა არ არის, შეიძლება ნაპრალი იყოს და თქვენ გინდათ, რომ ლამაზი სახლი ავაშენოთ და დროშები დავკიდოთ და მოვიზიდოთ.

ჭკვიანი და ფრთხილი ინვესტორი არ მოვა, იმიტომ, რომ იმას აქვს უსაფრთხოების განცდა, რომ საბოლოოდ შეიძლება ეს შენობა ჩამოინგრეს. პროგრამები მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერი დაშენებული უნდა იყოს სტაბილურ მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, რომელიც არ არის ფუჭი სიტყვები - ეს არის დაბალი დეფიციტი, მდგრადი ვალი, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების პროპორცია, რაც მართლა კარგი გვაქვს და ამის შემდეგ ნებისმიერ ინიციატივას ფასი აქვს.

რომ დავთვალეთ ჯამში შეღავათი 2 მლრდ მეტია, აქედან მაკროეკონომიკურად ჩვენ ხარჯები ისედაც დაბალი გვაქვს - საყოველთაო ჯანდაცვაზე უარს ვიტყვით?- ვერ ვიტყვით, უფასო განათლებაზე უფრო და უფრო მეტი ფული იქნება ჩასასხმელი, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უარს ვიტყვით? - ვერ ვიტყვით და იქ უამრავი დანაკარგია, შესაბამისად იმ გამოწვევებს იოლად ვერ უძლებს. საიდან შეიძლება თანხების მობილიზება? ვისაც ვბეგრავ ისევ იმას გავუზარდო გადასახადი? - არა, იცი ვინ უნდა დავბეგრო?, ვინც ან ჩრდილშია და კონკურენტულ გარემოს აფუჭებს ან შეღავათი აქვს, რომელსაც სინამდვილეში ხეირი არ მოაქვს. ის უსწორმასწორობა უნდა გამოვასწოროთ ამ მხრივ, რომ შემოსავალი მივიღოთ“, - ამბობს მაჭავარიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა