მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სოფლის მეურნეობაში საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობას სწავლობს - რა ეტაპზეა საგადასახადო დანახარჯების რეფორმა

ფინანსთა სამინისტრო

მთავრობა სოფლის მეურნეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობას სწავლობს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ BMG-ის განუცხადა, საგადასახადო დანახარჯების ანალიზის ფარგლებში გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე სწორედ ამ სექტორში არსებული შეღავათების ეფექტიანობა შეფასდება, რის შემდეგაც დაიწყება მსჯელობა, თუ რა ტიპის შეღავათები შეიძლება გაუქმდეს.

გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შეფასების პროცესი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს და შესაბამისი ანგარიში წლის ბოლომდე იქნება მზად.

მისი თქმით, ამჯერად სახელმწიფო ბიუჯეტს სოფლის მეურნეობის დარგში დაწესებული სხვადასხვა ტიპის საგადასახადო შეღავათები დაახლოებით 600 მლნ ლარი უჯდება. კაკაურიძე ამბობს, რომ შესაძლოა, კონკრეტული საგადასახადო შეღავათების სანაცვლოდ, უფრო ეფექტიანი სახელმწიფო პროგრამების შემუშავება იყოს.

„პირველი ეტაპი საგადასახადო შეღავათების რაოდენობრივი დათვლა იყო, ახლა მათ ეკონომიკურ შეფასებაზე ვმუშაობთ. ჯერჯერობით არ ვფიქრობთ ამ პროცესის ჯანდაცვისა და განათლების სექტორში დაწყებას. მესამე ყველაზე მსხვილი დარგი, სადაც საგადასახადო შეღავათები მოქმედებს, სოფლის მეურნეობაა, შესაბამისად, ამ დარგით დავიწყეთ. წლის ბოლომდე შესაბამის უწყებასთან ერთად დავითვლით, რა ეფექტი აქვს ამ შეღავათებს. თუ დავინახავთ, რომ რიგ საგადასახადო დანახარჯებს კარგი ეკონომიკური ეფექტი არ აქვს და ხარჯები უფრო მეტი ეფექტიანობის მომტანი იქნება, მაშინ ამ შეღავათების გაუქმებაზე დავიწყებთ საჯაროდ მსჯელობას.

ჩვენი მიზანი არაა თანხების გამოთავისუფლება და ბიუჯეტის დაზოგვა, ამიტომ რა თანხებიც გამოთავისუფლდება, ის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაზე იქნება მიმართული, რომელიც ეკონომიკურად უფრო ეფექტიანი იქნება. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის დარგს თანხები არ მოაკლდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მიერ შარშან გამოქვეყნებული საგადასახადო დანახარჯების ანალიზის მიხედვით, სხვადასხვა შეღავათები 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტს მთლიანობაში 3.8 მილიარდი ლარი დაუჯდა, მათ შორის სოფლის მეურნეობაზე 378 მლნ ლარი მოდიოდა.

ხელისუფლებამ საგადასახადო შეღავათების ანალიზის და მის საფუძველზე შესაბამისი რეფორმის ჩატარების ვალდებულება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჯერ კიდევ წინა პროგრამის ფარგლებში აიღო. ანალოგიური ვალდებულება შენარჩუნებულია IMF-ის იმ პროგრამაშიც, რომლის მეორე მიმოხილვაც შეჩერებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები